ახალი ამბები

სარკოზის დასახვედრად ხალხის მობილიზება გრძელდება [Video]

7 ოქტომბერი, 2011 • 1081
სარკოზის დასახვედრად ხალხის მობილიზება გრძელდება [Video]
გამომგზავრება ფოთიდან
გამომგზავრება ფოთიდან
TSPRESS.GE -ის  ინფორმაციით,  ქალაქ ფოთიდან, მერიის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული მოქალაქეები მერიის ადმინისტრაციული შენობიდან თბილისისკენ ორი ავტობუსით გამოემგზავრნენ.  მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც.

ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლალი ფაილოძე ყველას პირადად ურეკავდა და მისვლას ახსნებდა.

საკრებულოს თავმჯდომარის ვანო საღინაძის მტკიცებით, ყველა პირი თავისი ნება-სურვილით მოდის და  სარკოზის ვიზიტის გარდა, მათი სტუმრობა თბილისობის დღესასწაულსაც უკავშირდება.

”ეს ადამიანები გახარებულნი არიან, თან ექსკურსიაც იქნება”- აღნიშნა საღინაძემ. მისისვე თქმით, ფოთიდან თბილისიკენ სულ 4 ავტობუსი ჩამოვა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტისგან მიღებული დავალებით, დუშეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლები 7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას უნდა დაესწრნონ.

დუშეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასზე წასასვლელად, სკოლის დირექტორის დავალებით, კლასისის დამრიგებლები თითო კლასიდან მინიმუმ ორი მშობლის წასვლის აუცილებლობის გამო, მშობლებებს აგროვებდნენ.

” ტრანსპორტირებას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა  უზრუნველყოფს. მე უმუშევარი ვარ და არ მივდივარ, მაგრამ ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, უარის თქმას ვერ გაბედავს”- ამბობს მშობელი.  

Livepress.ge – ის ინფორმაციით,  საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად, ხელმძღვანელობის დავალებით, ზუგდიდის საჯარო სამსახურების თანამშრომლებიც, ჩამოვლენ.

5 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თბილისში ტრანსპორტირებისთვის თანხების გამოყოფა დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილმ, გრიგოლ სხულუხიამ Livepress განუცხადა, რომ ზუგდიდან თბილისის მიმართულებით სულ  4 ავტობუსი გავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან კილასონიამ განაცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში სტუმრობის სურვილი ბევრმა  ახალგაზრდას გამოთქვა და მუნიციპალიტეტი მათ ფინანსურად ეხმარება.

”თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ზუსტი ციფრი დაანგარიშებული არ არის”- ამბობს რუსუდან კილასონია.

გარდა ზუგდიდის საჯარო სამსახურებისა, საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, პედაგოგები და დირექტორები დაესწრებიან.

Livepress,  განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა აზა ჯოჯუამ განუცხადა, რომ 40 პედაგოგი უკვე გაემგზავრა დედაქალაქისკენ.  

”მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სტუმრობა და მასწავლებელმა სურვილი გამოთქვეს, მას თბილისში დახვედროდნენ” -ამბობს აზა ჯოჯუა.

სკოლის დირექტორებმა ზუგდიდის დატოვებამდე livepress განუცხადეს, რომ დედაქალაში მათი გამგზავრება თბილისობის დღესასწაულს არ უკავშირდება და ოფიციალურ შეხვედრაზე მიემგზავრებიან.

როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა “ნეტგაზეთს”, სკოლის დირექტორები და საჯარო მოხელეები მოემგზავრებიან თბილისში წალკის რაიონიდანაც.

“ასეთი რამე კომუნისტების დროსაც არ ყოფილა”, –უთხრა “ნეტგაზეთს” წალკის ერთ–ერთმა მცხოვრებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი