პაპავა აუდიტორია 115-ის მოთხოვნაზე: შემდეგი ნაბიჯი პრემიერმა უნდა გადადგას

თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა მოუწოდებს პრემიერს, რომ სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის მოთხოვნებთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯი გადადგას.

პაპავამ ეს განცხადება გააკეთა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან, სადაც ვითარების გასაცნობად მივიდა. აუდიტორია 115-ის წევრების ნაწილმა VI კორპუსი დაიკავა და აცხადებს, რომ სანამ პრემიერი უნივერსტიტეტში მათთან სასაუბროდ არ მივა, ისინი შენობას არ დატოვებენ. მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

“მე ვერ გეტყვით, მოხერხდება თუ არა პრემიერთან შეხვედრა, ეს მისი გადასაწყვეტია. მაგრამ თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმა თავად უნდა შეარჩიოს. ერთ-ერთი ფორმაა განცხადების გაკეთება, ერთ-ერთი ფორმაა მოსვლა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას ეს გასაკეთებელი აქვს. სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება მოითხოვონ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ხოლო განათლების სფრო მათთვის არის მნიშვნელოვანი და აქვთ უფლება, ცვლილებები მოითხოვონ. უბრალოდ ის, რომ კორპუსი დაიკეტა და სასწავლო პროცესი არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლებათ ხელი და მე, როგორც რექტორს, როგორც პროფესორს, ეს არ მომწონს, თუმცა სტუდენტებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია გამოხატონ. ამიტომ ახლა შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ეხება. სტუდენტების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრია,”- აცხადებს ვლადიმერ პაპავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში დაარსებულმა სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 16 აპრილს დილით დაიკავეს. მოძრაობის წევრები განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.

შენობა პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი. ამ დროისთვის შენობაში აუდიტორია 115-ის 20-მდე წევრი იმყოფება.

სტუდენტური მოძრაობა დღეს, 14:00 საათზე აქციის გამართვას გეგემავს.

აუდიტორია 115 აცხადებს, რომ უკმაყოფილოა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებათა პროექტით. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა  მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებები” და არა ძირეული რეფორმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი