ახალი ამბები

ივანიშვილს ტელეკომპანიების შეძენა სამმაგ ფასად სურს

7 ოქტომბერი, 2011 • • 1192
ივანიშვილს ტელეკომპანიების შეძენა სამმაგ ფასად სურს

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს, ნებისმიერი ქართული საინფორმაციო ტელეარხის შეძენის სურვილი გამოთქვა და მზად არის, საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ ძვირი თანხა გადაიხადოს. გთავაზობთ ბიზნესმენის განცხადებას:

“შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.

3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ “მაესტროს” და “კავკასიის” დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).

თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება.”

რუსეთში მოღვაწე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 1996 წლიდან ფლობდა საინფორმაციო ტელეკომპანია “მეცხრე არხს”, სადაც საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები გადიოდა.

1996 წელს დაარსებულმა „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლის 1 აპრილს მოულოდნელად დაიხურა. მიზეზი იმ დროს ტელეკომპანიის 300-მდე თანამშრომლისთვის არავის განუმარტავს. 2009 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი არხის აღდგენას აპირებდა, ოღონდ, მოდიფიცირებული ლიცენზიით. არხი მუსიკალურ-გასართობი უნდა ყოფილიყო. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი, „მეცხრე არხს“ მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად, 2009 წლის 24 აპრილს ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა. მიზეზი იყო კანონი, რომლის მხიედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელიწადი იყო გათშული.

ამავე თემაზე:

ბიძინა ივანიშვილის ვრცელი განცხადება

5.5 მილიარდით საქართველოს პოლიტიკაში


მასალების გადაბეჭდვის წესი