ახალი ამბები

ცხინვალი საარჩევნო არეულობის ზღვარზე

6 ოქტომბერი, 2011 • • 1208
ცხინვალი საარჩევნო არეულობის ზღვარზე

ჯამბულატ თედეევი მომხრეებთან ერთად
ჯამბულატ თედეევი მომხრეებთან ერთად

არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.  ამავე დღეს არის დაგეგმილი რეფერენდუმი, რის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის მინიჭების სტატუსი.

არჩევნების გამო სიტუაცია პირველად 30 სექტემბერს დაიძაბა. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მსურველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჯამბულატ თედეევს, რომელიც  რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელიცაა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

თედეევის მომხრეებმა ცხინვალის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სცადეს შეჭრა, ჩაამსხვრიეს შენობის შესასვლელის მინები, თუმცა მალევე მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც ჰაერში ისროლა. თედეევის ოფისის ცნობით, დააკავეს 100-მდე ადამიანი, რომელსაც 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობის გამო. ოპოზიციონერთა დაკავება 1-2-3 ოქტომბერსაც გაგრძელდა. ამ დღეების განამვლობაში თედეევის სახლთან მისი ასეულობით მომხრე იყო შეკრებილი. ინტერნეტ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სპეცდანიშნულების რაზმს პოლიტიკოსის სახლისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული და მის შტურმით აღებას აპირებდა. მოგვიანებით ეს არ მომხდარა.

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ცნობით, სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2011 წლის 3 ოქტომბერს დაწესდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც უცხოეთის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც ცხინვალის რეგიონში შეეზღუდათ შესვლის უფლება. თუმცა იგივე სააგენტო ცხინვალის შს მინისტრ მურატ ჯიოევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეზღუდვები 6 ოქტომბერს სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ მოიხსნა.

აღნიშნული შეზღუდვები არ შეხებია რუს სამხედროებს, მესაზღვრეებს, მშენებლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში „ოჯახური მიზნებით“ ჩადიოდნენ.

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა შეიკავონ ამ რეგიონში მოგზაურობისგან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.

„იტარ-ტასის ცნობით“ ცნობით კი, შეზღუდვები 2011 წლის 13 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე გაგრძელდება.

ჯამბულატ თედეევის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხი 30 სეტემბერს უნდა გაერკვია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რა დროსაც კომისიის 15 წევრიდან შვიდმა არ მისცა მას ამის უფლება, ექვსი თანახმა იყო, ორმა კი თავი შეიკავა. კომისიამ გადაწყვეტილება დაასაბუთა ცხინვალში მოქმედი კანონით, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი ცხინვალის რეგიონში ბოლო ათი წელიწადი არ ცხოვრობდა, მას უფლება არა აქვს, კენჭი იყაროს არჩევნებში.

ამ დროისათვის ცხინვალში,  ცესკო-ში სულ 7 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული, თუმცა განაცხადი 30-მდე ადამიანს ჰქონდა შეტანილი.

ცხინვალის ამჟამინდელ მმართველ ედუარდ კოკოითის გუნდმა კანდიდატად  წარადგინა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

რუსული გამოცემა lenta.ru-ს ცნობით,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ხანდერ ოსტაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი  ანატოლი ხუგაევი მასზე ზეწოლას ახდენდა, რადგან რეგისტრაციაში არ გაეტარებინა ჯამბულატ თედეევი. ოსტაევის თქმით, პროკურორი ცესკო-ში პირადად იყო მისული.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ პროკურორი ხუგაევი 30 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის ცესკო-ში არ გამოჩენილა და ამ დღეს არეულობა სწორედ თედეევის მომხრეებისა და ხანდერ ოსტაევის მიერ იყო პროვოცირებული.

ხანდერ ოსტაევმა ამის შემდეგ მიმართა დე ფაქტო  პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევს და სთხოვა უზრუნველეყო მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება, ასევე აღეკვეთა გენერალური პროკურორის ჩარევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში.  ამის შემდეგ,  5 ოქტომბერს, გაიმართა  პარლამენტის სხდომა, რომელზეც კენჭი უყარეს გაურკვეველი საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებულ საკითხს და კოჩიევი 23-კაციანი პარლამენტის 19-მა წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა.

სტანისლავ კოჩიევი ცხინვალის რეგიონში მოქმედი ოპოზიციური „კომუნისტური პარტიის“ წევრია. მისი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კოჩიევის ჩამოშორების მიზეზი წინასაარჩევნო ბრძოლა გახდა.

„მე არ დავუშვებდი საარჩევნოდ ხმების გაყალბებას და ამიტომ მომიცილეს,“ – განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ კოჩიევმა.

რუსულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოჩიევი ედუარდ კოკოითმა იმიტომ მოიცილა, რომ  საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პარლამენტის სპიკერი თავად გახდეს.

თედეევის მომხრეები მიიჩნეევენ, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვა სწორედ მათი მხარდამჭერების შეფერეხების მიზნით მოხდა. ამას იმით ადასტურებენ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს რუს სპორტსმენთა ჯგუფი, რომელიც ცხინვალში ჯამბულატ თედეევის მხარდასაჭერად მიდიოდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მან ქვეყანაში აღკვეთა „ფერადი რევოლუციის“ მცდელობა. ოსური პრესა კი თედეევის მიმართ ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს. ოსი ჟურნალისტების თქმით, თედეევის მიერ ცხინვალში მოწყობილი არეულობა მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია.

მოსალოდნელ არეულობაზე განცხადება გააკეთა ცხინვალის რეგიონის გენპროკურატურამაც.  დღეს, 6 ოქტომბერს, მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცხინვალში იპოვეს ჯამბულატ თედეევის მამის, ილია თედეევის ავტომობილი, რომელშიც 200 გრამი ტროტილისგან დამზადებული ასაფეთქებელი იყო შენახული. პროკურატურა არ ავრცელებს ინფორმაციას ვინმეს დაკავების შესახებ.

ჯამბულატ თედეევი მომხრეებთან ერთად
ჯამბულატ თედეევი მომხრეებთან ერთად

ცხინვალში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს გაამრთულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა: „მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ  დადგმული სხვადასხვა ფარსის მიმართ, რომელსაც თავად ისინი უწოდებენ ამა თუ იმ სახის და დონის ,,არჩევნებს”, ჩვენი დამოკიდებულება არის მკვეთრად ნეგატიური და, ასე ვთქვათ, არალეგალური, სამართლებრივი საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე. თავისთავად ნათელია ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა გეთანხმებით, რომ ნებისმიერი ესკალაცია, სიტუაციის დაძაბვა ჩვენს ტრიტორიაზე, თუნდაც იგი იყოს ამჟამად ოკუპირებული და მასზე სრული კონტროლი გააჩნდეს საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის სამხედრო მანქანას, შემაშფოთებელი და ამაღელვებელია.“

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ცხინვალელი ჟურნალისტების მტკიცებას, რომ შესაძლოა, იქ მიმდინარე არეულობების უკან ქართული კვალი იმალებოდეს. მისი თქმით, საქართველოს ამისთვის არანაირი ბერკეტი და რესურსი არ გააჩნია.

„შესაძლოა, ეს არეულობა საქართველომ მხოლოდ იმის სათქმელად გამოიყენოს, რომ რუსეთი იქ მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს, ეს არის და ეს,“ – ამბობს ზაქარეიშვილი. მისი თქმით, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, 13 ნოემბრისთვის ცხინვალის რეგიონში დანიშნული არჩევნები პროცედურულ დონეზე გაცილებით არაგამჭვირვალე და უსამართლოა, რადგან სახეზეა ოპოზიციონერების დაშინებისა და დაპატიმრების ფატქები.

ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული არჩევნები სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან მიმართებაში სიტუაციას არ შეცვლის, რადგან იქ კვლავ ედუარდ კოკოითის გარემოცვა დარჩება ხელისიფლებაში. გარდა ამისა, იქ სიტუაციის შეცვლა თავად რუსეთსაც არ აწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი