ახალი ამბები

საყოველთაო მობილიზება სარკოზის დასახვედრად

6 ოქტომბერი, 2011 • 1142
საყოველთაო მობილიზება სარკოზის დასახვედრად

7 ოტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავისუფლების მოედანზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლაზე დასასწრებად ხალხს თბილისის და რეგიონის სკოლებშიც აგროვებენ.

კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს მოთხოვა, რომ 7 ოტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლას აუცილებლად უნდა დაესწრონ. აღნიშნული სკოლის 13 მასწავლებელი ხვალ ღონიძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვა.

თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის სამასწავლებლოში უფლებამოსილმა პირმა მასწავლებლებს განუცხადა, რომ უნდა დაესწრონ საფრენგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

”ბრძანების ან მუქარის ფორმა არ ყოფილა, მაგრამ ”აბა რა, უნდა მივიდეთ” დამოკიდებულებით განგვიცხადეს” -ამბობს ერთ-ერთი  მასწავლებელი.

სახელმწიფო პროფესიული ტექნიკუმის ადმინისტრაცია მოსწავლეების ერთ-ერთ ჯგუფში შევიდა და მათ შეთავაზეს, სურვილის მიხედვით ჩაწერილიყვნენ ნიკოლა სარკოზის გამოსვლაზე დასასწრებად.

” 20– დან 15 ადამიანი ჩაეწერა, თავისუფლების მეტროსთან 4 საათზე უნდა შეხვდნენ და შემდეგ სიტყვით გამოსვლას დაესწრებიან”.

ინფორმაციის არც ერთმა წყარომ საჯაროდ თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლას ზუგდიდის საჯარო მოხელეებიც დაესწრებიან. ზუგდიდში დაფუძნებული ონლაინ გამოცემა Livepress.ge იუწყება, რომ ზუგდიდის საჯარო სამსახურების თანამშრომლები, მათი ხელმძღვანელების დავალებით, 7 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის გამოსვლაზე დასასწრებად მოემგზავრებიან.

გამოცემის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 5 ოქტომბრის სხდომაზე თბილისში წამსვლელთათვის ტრანსპორტის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა. ზუგდიდის მულიციპალიტეტს 4 ავტობუსი ჰყავს მობილიზებული.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რუსლან კილასონიამ Livepress.ge-ს უთხრა, რომ „ბევრ ახალგაზრდას სურს ამ დღეს თბილისში წასვლა და მათ ტრანსპორტით ეხმარებიან“. თუ რა თანხა გამოიყო საამისოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამგებლის მოადგილის განცხადებით, „ჯერ დაანგარიშებული არ არის“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი 17:30- წთ-ზე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართავენ.  მიმართვა პირდაპირ გადაიცემა ტელევიზიით. ამასთან, თავისუფლების მოედანზე მისვლა ყველას შეუძლია -აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური. უკვე ერთი კვირაა, საქართველოს ნაციონალური ტელეარხებით გადაიცემა ვიდეო–რგოლი, რომელშიც ადამიანებს მოუწოდებენ, დაესწრონ ამ მნიშვნელოვან მოვლენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტების გამოსვლაზე  დასწრების მსურველები თავისუფლების მოედანზე 2 საათით ადრე უნდა მივიდნენ. მოქალაქეები  მოედანზე სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ დაიშვებიან. პირებს ეკრძალებათ ვიდეო და ფოტოკამერების, ადვილად აალებადი ნივთების, ბოთლებისა და ბასრი და მსხვრევადი საგნების მიტანა.

ამ დღესთან დაკავშირებით ავტომანქანით მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილიდან აიკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი