ახალი ამბები

მედვედევმა ბაღაფში სიმამცის ორდენით დააჯილდოვა

6 ოქტომბერი, 2011 •
მედვედევმა ბაღაფში სიმამცის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გარდაცვალები შემდეგ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

აღნიშნული სააგენტოს ინფორმაციითვე, მედვედევმა ბაღაფში ” კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის დროს გამოვლენილი სიმამაცის და ერთგულების” გამო დააჯილდოვა.

1994 წლის 2 მარტს გამოცემული ბრძანების მიხედვით, სიმამაცის ორდენს გადასცემენ ” მოქალაქეს, რომელიც ერთგულებას, სიმამაცეს და  გამბედაობას გამოავლენს ხალხის გადასარჩენად, სამოქალაქო წესრიგის შესანარჩუნებლად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისას, ხანძრის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს და სხვა საჭიროებების შემთხვევაში.  ასევე გაბედული და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის გამო, სამხედრო, სამოქალაქო ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”

2011 წლის ივლისში, გარდაცვალების შემდეგ, სერგეი ბაღაფშს აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა და პირველი ხარისხის “ღირსებისა და დიდების ორდენითაც” დაჯილდოვდა.

სერგეი ბაღაფშს დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტი 2005 წლიდან 2011 წლამდე ეკავა. იგი 29 მაისს მოსკოვის საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. სერგეი ბაღაფშმა მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია გაიკეთა, რასაც გართულებები მოჰყვა.

ბაღაფში ოჩამჩირეში,  მშობლიურ სოფელ ჯგერდაში, დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი