ნეტგაზეთი | შავგულიძე: მზად ვართ, ფარულ მოსმენებზე “ეს შენ გეხებასთან” ვითანამშრომლოთ შავგულიძე: მზად ვართ, ფარულ მოსმენებზე “ეს შენ გეხებასთან” ვითანამშრომლოთ – Netgazeti
Batumelebi | RU

შავგულიძე: მზად ვართ, ფარულ მოსმენებზე “ეს შენ გეხებასთან” ვითანამშრომლოთ

“თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ფარულ მოსმენებზე მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში განხილვისას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს, 15 აპრილს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს:

“ჩვენ იმთავითვე მივუთითებდით იმ საშიშროებაზე, რომ ასეთი რეგულაციები მმართველ პოლიტიკურ ძალას, ,,,ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მისცემდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებულ, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ესოდენ არაკონტროლირებადი შესაძლებლობები გამოეყენებინა არა სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, არამედ საკუთარი პარტიული და პოლიტიკური ინტერსების მომსახურებისათვის,”- განაცხადა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ მათი  მოლოდინი გამართლდა.

ამ ბრალდებაზე საუბრისას დეპუტატი შემდეგ არგუმენტს ასახელებს:

“მარტო ალექსი პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის ,,ვაიბერ“ კომუნიკაციის ამსახხველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება გავრცელება კმარა იმის ნათელ მაგალითად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ეგრეთ წოდებულ გასაღებს იყენებს “ქართული ოცნების” მესვეურთა უკანონო და  უღირსი პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად”

დეპუტატის თქმით,  ,,თავისუფლალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილებას დადებითაფ აფასებენ და მზად არიან, აღნიშნული სფეროს რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მიიღონ მონაწილეობა:

“ვიცით, რომ “ეს შენ გეხებას” შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ. მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ მაქსიმალურად შეეცადოს, რათა ამ მოწვევის პარლამენტმა შეძლოს ამ საკითხის დასრულება.”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის (კონსტიტუციური სარჩელი N625) და საქართველოს მოქალაქეების: გიორგი ბურჯანაძის, ლიკა საჯაიას, გიორგი გოცირიძის, თათია ქინქლაძის, გიორგი ჩიტიძის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (კონსტიტუციური სარჩელი N640) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება მოითხოვს, როგორც ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელი და გონივრულად საკმარისი დროის გათვალისწინება. ასეთ ობიექტურად საკმარის ვადად საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი მიაჩნია”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.