ახალი ამბები

თინათინ ხიდაშელი: “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფულის გამოძალვის კამპანია

6 ოქტომბერი, 2011 • 1423
თინათინ ხიდაშელი:  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფულის გამოძალვის კამპანია

თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს, 6 ოქტომბერს, განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობისაგან ფულის გამოძალვის კამპანიას აგრძელებს.

„ამჯერად მათი სამიზნე მცირე მეწარმეები არიან. ბოლო პერიოდში რესპუბლიკელებს ბევრმა მოქალაქემ და განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომდგენლებმა მოგვმართეს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ თბილისის წყლის მიერ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის მიმართ.

თბილისის წყლის კომპანია სრულიად აბსურდული ე.წ გაფრთხილების საფუძველზე მიუთითებს მცირე მეწარმეებს, რომ გაფრთხილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ მითითება, თუმცა თავად მითითება არც ბარდებათ მეწარმეებს და არც მისი დოკუმენტური დასაბუთების წარდგენა ხდება მათთვის.

გაფრთხილებაში ვკითხულობთ, “თქვენს ობიექტზე დამონტაჟებული წყალმზომის ტიპი არ შეესაბამება საქართველოს კანონს “გაზომვათა ერთიანობის შესახებ” (არ არის რეგისტრირებული რეესტრში) და შეუძლებელია მისი მეშვეობით მოხმარებული წყლის აღრიცხვა”. მიუხედავად ასეთი ცალსახა გაფრთხილებისა, ობიექტებზე დამონტაჟებული მრიცხველების არც ერქსპერტიზა ტარდება, არც არსებული მრიცხველის ვარგისიანობის შემოწმება, არც ალტერნატივების შეთავაზება. მრიცხველების თემა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მოსახლოებისაგან ფულის გამოძალვის წყაროდ იქცა და, სამწუხაროდ, ხელისუფლება მშვიდად ეგუება ამგვარ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ  კომპანია მუდმივად არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

რესპუბლიკელები მივმართვათ მეწარმეებს, დაიცვან საკუთარი ინტერესები. ნუ გადაიხდიან მორჩილად ახალი მრიცხველების გადასახადს, კომპანიის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე, როგორც სალარო აპარატების მრავალჯერადი შესყიდვის ვალდებულების დაკისრებისას, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოთხოვნამ და, შესაბამისად, არაადეკვატურად მაღალი გადასახადების გადახდამ, შესაძლებელია, კვლავაც მრავალჯერადი ხასიათი მიიღოს“, –ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი