იაპონიის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი, BBC-ის ცნობით, 860-მდე გაიზარდა, 9 ადამიანი კი კატასტროფის შედეგად გადრაიცვალა.
მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა, როცა მოსახლეობის უმეტესობა სახლში იმყოფებოდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. კატასტროფის გამო 20-მდე საცხოვრებლი შენობა განადგურდა. BBC წერს, რომ დიდია რისკი, დაშავებულთა დიდი ნაწილი კვლავ ნანგრევებს ქვეშ იყოს მოხვედრილი. კუნძულზე სამხედრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომლის სიმძლავრემაც რიხტერის სკალაზე 6,2 მაგნიტუდას მიაღწია, 130-მდე შედარებით სუსტი რყევა დაფიქსირდა, რაც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.
ბუნებრივი კატასტროფის გამო 40,000-მდე ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება. მათმა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ზოგი მათგანი, ბიძგების განმეორების რისკის მიუხედავად, სახლებში ბრუნდება.
„ჩემი მეუღლე სახლში დაბრუნდა, რათა ენახა, რა მდგომარეობა დახვდებოდა. მისი თქმით, არეულობის გამო იქ ღამის გათევა შეუძლებელია. მინდა სახლში დავბრუნდე და იქაურობა დავალაგო, მაგრამ განმეორებითი ბიძგების მეშინია“ – ამბობს 80 წლის იაპონელი ქალი The Guardian-თან მიცემულ ინტერვიულში.
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცუნამის წარმოქმნის საშიშრეობა არაა. კუნძულზე რამდენიმე ატომური რეაქტორია განთავსებული, თუმცა კატასტროფის შედეგად არც ერთი დაზიანებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ორი მათგანი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სამი კი გეგმიური შემოწმების გამო მიწისძვრამდეც არ ფუნქციონირებდა.
მთავრობა მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის.