ახალი ამბები

სამხრეთ ჩინეთის ზღვა შავი ზღვა არ არის

6 ოქტომბერი, 2011 • 2635
სამხრეთ ჩინეთის ზღვა შავი ზღვა არ არის
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აშშ–მ სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონი ჩინეთს უნდა დაუთმოს, ამ შემთხვევაში  სრულიად უადგილოა. ამერიკისთვის აზია მეორე საქართველო არ არის.

ამას წერს იაპონური ონლაინ–გამოცემა “The Diplomat”, რომელმაც  გამოაქვეყნა სტატია სათაურით, “სამხრეთ ჩინეთის ზღვა შავი ზღვა არ არის”, სადაც ავტორმა ანალიტიკოსმა, აშშ–ს საზღვაო კოლეჯის პროფესორმა ჯეიმს ჰოლმსმა შტატების ამჟამინდელი სტრატეგია განიხილა ამ ორ რეგიონთან, კერძოდ, რუსეთთან და ჩინეთთან, მიმართებაში.

“ბუშის ადმინისტრაციამ თბილისი “აავსო” მაღალი დონის ყურადღებით და სამხედრო მრჩევლებით, მხოლოდ იმისთვის, რომ  უბრალოდ “ეწუწუნათ”, მაშინ, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ჯარები შეიჭრა საქართველოში და ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრო,” – აღნიშნავს ავტორი.

ჰოლმსის შეფასებით, აშშ–სთვის შავი ზღვის ანალოგია დიდად არაფერს ცვლის, რადგანაც პროცესების დინამიკა დღევანდელ სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით  ზემოთხსენებული მაგალითისგან სრულიად განსხვავებულია.

“ჩემი მოსაზრებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონი რუსეთ–საქართველოს ანალოგს რომ დაემსგავსოს, სამი პირობითი ტესტის გავლაა საჭირო. პირველი, ძლიერი ძალის დაპირისპირება სუსტის წინააღმდეგ, მეორე – სამხედრო ძალის არაპროპორციული კონცენტრირება, რომელიც გამოიწვევს ძლიერის გამარჯვებას და მესამე – დისტანცია, რომელიც აშშ–ს აშორებს კონფლიქტის არენას, რათა დროულად მოხდეს ზედმეტი ესკალაციის თავიდან აცილება. საბედნიეროდ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონი არც ერთ ამ პირობას არ აკმაყოფილებს განსაკუთრებით კარგად,” – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ჰოლმსი ამ ორი რეგიონის შედარებისას ხაზს უსვამს ფაქტს, რომ დისპროპორცია ჩინეთსა და მის მეზობლებს შორის განსხვავდება რუსეთ–საქართველოს მაგალითისგან.

“ომის პერიოდში თბილისს მარტო მოუხდა რუსეთის იმპერიასთან შეჭიდება, მაშინ, როდესაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონის ქვეყნები ჩინეთთან ესკალაციის პირობებში, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსებით გამოირჩევიან, რომ არაფერი ვთქვათ მათ შესაძლო გაერთიანებაზე,” – დასძენს ავტორი.

სტატიის ბოლოს ანალიტიკოსი აღნიშნავს,  რომ  აღნიშნულ რეგიონში აშშ–ს უფრო მეტი მოქმედებების არეალი აქვს, ვიდრე შავ ზღვაში.

“ აღსანიშნავია, რომ დღეს ამერიკელი სამხედრო  და სახელმწიფო მეთაურები მრავალმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ პირისპირ ჩინეთთან, ვიდრე ამას აკეთებდნენ რუსეთთან დაკავშირებით 2008 წლის მოვლენების დროს,” – ნათქვამია სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი