ახალი ამბები

კოალიცია “თავისუფალი არჩევნებისთვის” დაიშალა

6 ოქტომბერი, 2011 •
კოალიცია “თავისუფალი არჩევნებისთვის”  დაიშალა

“ექვსიანის” დაშლაზე ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ  მას შემდეგ გაავრცელა განცხადება, რაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ტოვებს ალიანს, რადგან ასეთი ფორმით არსებობას “აზრი აღარ აქვს”.

ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” 5 ოქტომბერს დაუდასტურა ინფორმაცია ალიანსის დატოვების შესახებ.

“4 ოქტომბერს შევიკრიბეთ და ლიდერებს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავაცანით: “ექვსიანის” ასეთი ფორმით გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეთ. თითოეულ სოფელში, დაბაში ჩავიდეთ და მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ცვლილების ძალა სწორედ მათშია და სამოქალაქო პრინციპულობა სწორედ ამომრჩევლებმა უნდა გამოიჩინონ”, განაცხადა ალასანიამ.

ალიანსში შემავალმა  ოთხმა პარტიამ – კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია- ალასანიას გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც უარის თქმა კოალიციის სადამფუძნებლო შეთანხმებაზე. პარტიები ანალოგიურად აფასებენ “ეროვნული ფორუმის” მიერ კოალიციის დატოვებასაც.

“ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ორიოდე თვის წინ საჯაროდ გაცხადებულ პოზიციებზე და გეგმებზე პარტნიორების მიერ უარის თქმა”, – ნათქვამია 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.  განცხადებაზე ხელმომწერ პარტიებს მიაჩნიათ, რომ:

  1. საარჩევნო გარემოს საკითხებზე მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მოპოვება და დემონსტრირება შეუძლია მხოლოდ მჭიდროდ ინტეგრირებულ, მზარდი რეიტინგის მქონე, არჩევნებზე მყარად ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს, არამედ საარსებო გარემოს შესაცვლელადაც. მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე კი ჩვენს საარჩევნო წინადადებებს არც ხელისუფლება გაუწევს ანგარიშს და არც საერთაშორისო საზოგადოება, რაც მხოლოდ საარჩევნო ნიჰილიზმს გააღვივებს;
  2. თუ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენ მიერ გაცხადებული ძირითადი კონცეფციისა („ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნებით ან უსამართლო არჩევნების ფონზე“), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ვიღებდეთ ხელში ინიციატივას და არ უნდა ვუშვებდეთ მოვლენების განვითარებას ძველი სცენარით („დავდგეთ ერთად ყველა, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია, შევკრიბოთ ხალხი და დანარჩენი მერე გამოჩნდება“);
  3. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკები არჩევნებმადე ორიოდე თვით ადრე იქმნება, სწორედ საარჩევნო ბლოკის ხარისხის ინტეგრაციაა დღეს საჭირო იმისათვის, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ კომპლექსურ ამოცანებს. შეთანხმება საარჩევნო ბლოკის საკითხებზე არის არა პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობის გარანტია (ამას ამომრჩეველი წყვეტს), არამედ ძალების ეფექტიანი თავმოყრის საშუალება და წარმატებული პოლიტიკური კამპანიის გარანტია (რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ „მარშებს“ საპირისპირო მიმართულებით). ამასთანავე, ექვსი პარტიის წინასაარჩევნო შეთანხმება არის აუცილებელი (და არა დამაბრკოლებელი) წინაპირობა სწორი პოლიტიკური გეზის მქონე, მომავალში შესაძლოა უფრო მრავალსუბიექტიანი, საარჩევნო ბლოკის შექმნისა;
  4. ხელისუფლების მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია (არჩევნების თარიღით მანიპულირების შესაძლებლობის გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ ითხოვს ოპოზიციის სათანადო აქტიურობას და არა მორიგ ექსპერიმენტებს და  თეორიულ განსჯებს.

“ექვსიანში” შემავალი ოთხი პარტია აცხადებს, რომ მათ ყველაფერი იღონეს  სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და წუხან მისი ამგვარი დასასრულის გამო. სამომავლო გეგმებზე პარტიები უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს გაავრცელებენ.

“ექვსიანი” – კოალიცია თავისუფალი არჩევნებისთის  2011 წლის 8 ივლისს ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოაყალიბა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი