„ფორბსის“ 2011 წლის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 200 ადამიანს შორისაა 5.5– მილიარდიანი ქონებით, ხოლო მდიდარ რუსებს შორის ის 25-ე ადგილს იკავებს, საქართველოში კი -პირველს.
რუსეთში მოღვაწე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2009 წელს აქტიურად ცდილობდა თავისი კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის განახლებას, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის და ქართული არჩევნებისთვის ემზადება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ 1996 წელს დაარსებულმა „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1999 წელს დაიწყო 2004 წლის 1 აპრილს მოულოდნელად დაიხურა. მიზეზი იმ დროს არავის განუმარტავს. 2009 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი არხის აღდგენას აპირებდა, ოღონდ, მოდიფიცირებული ლიცენზიით. არხი მუსიკალურ-გასართობი უნდა ყოფილიყო. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი, „მეცხრე არხს“ მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად, 2009 წლის 24 აპრილს ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა. მიზეზი იყო კანონი, რომლის მხიედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელიწადი იყო გათშული.
ივანიშვილის რუსული ბიზნესი
წარმოშობით საჩხერელი, სოფელ ჭორვილადან, ბიძინა ივანიშვილი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, 1980-იანი წლების დასაწყისში კი მოსკოვში ასპირანტურაში სასწავლებლად გაემგზავრა. რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩამოვიდა და ბიზნესის დაწყება მილების გამოშვებით სცადა, მოგვიანებით კი კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. მის მიერ დაგროვილი ფულით მალევე დაინტერესდა იმდროინდელი პროკურატურა და ივანიშვილიც მოსკოვში წავიდა, სადაც ბიზნესის წამოწყება ხელახლა სცადა. კომპიუტრების გარდა, რუს პარტნიორებთან ერთად ქართველმა ბიზნესმენმა ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობა დაიწყო, კავშირი დაამყარა ევროპელ ბიზნემენებთან, 1990 წელს კი მისი ფირმა ელ. ტექნიკის ვაჭრობის სფეროში რუსეთში ცნობილი გახდა. ამავე წელს მას უკვე ჰქონდა იმ დროისთვის ბანკის დასაარსებლად საკამრისი 100 – 120 ათასი აშშ დოლარი. რუსულ ბაზარზე ასე გაჩნდა ბაკნი „როსკრედიტი.“ ბანკი სწრაფად განვითარდა და 1990-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკი გახდა რუსეთში, თუმცა 1998 წელს კრიზისის გამო გაკოტრების საფრთხის წინაშეც დადგა, მაგრამ გადარჩა.
2000-იანი წლების დასაწყისიდან საკუთარი ქონების მართვის მიზნით ივანიშვილმა შექმნა ჰოლდინგი „მეტალოინვესტი“, ასევე სააფთიაქო ქსელი და კომპანია „უნიკორი“, რომელიც ათზე მეტ მსხვილ, მომგებიან კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა:ფარმაცევტული ქარხანა, სასტუმროები, საავტომობილო ქარხანა, სადაზღვევო კომპანია, სატრანსპორტო კომპანია, აღმოსავლეთ ციმბირის გაზისა და ნავთობის კომპანია და ა.შ.
სწორედ ამ წლებიდან დაიწყო მისი ქონების გაზრდა მილიარდებამდე. „ფორბსის“ 2011 წლის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 200 ადამიანს შორისაა 5.5– მილიარდიანი ქონებით, ხოლო მდიდარ რუსებს შორის ის 25-ე ადგილს იკავებს, საქართველოში კი -პირველს.
მილიარდერის მოღვაწეობა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილმა 1996 წელს საქართველოში დააარსა „ქართუ ჯგუფი“, რომელიც საქართველოში ბიზნესმენის ქონებას მართავს. „ქართუ ჯგუფი“ აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს, მათ შორისაა: ბანკი „ქართუ“, კვების პროდუქტების კომპანია „თოლია,“ ასევე სათხილამურო კომპლექსი „ბაკურიანი 2“. ივანიშვილი ასევე ფლობს ასეულობით ჰექტარ მიწას, სადაც გაშენებულია ვენახი.
„ქართუ ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ პროექტებზე ინფორმაცია მრავლადაა.
გარდა საქველომოქმედო საქმიანობსა, „ქართუ ჯგუფი“ 2008 წლის ზაფხულში ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში „ალია ჰოლდინგთან“ დაპირისპირების გამო აღმოჩნდა. მაშინ ივანიშვილის კომპანია „ალია ჰოლდინგს“ შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. თავის მხრივ, „ალია ჰოლდინგის“ გამოცემებში აქტიურად იბეჭდებოდა მილიარდერის საწინააღმდეგო სტატიები.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართუ ჯგუფში“ მუდმივად უარყოფდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობას, კომპანიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა 2011 წლის მაისში. განცხადებაში ეწერა: „სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი ხიფათი თავიდან აიცილოს.”
პოლიტიკაში წასვლის შესახებ ვრცელი განცხადების გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბრისთვის გადაწყვიტა. ამ დღეს საქართველოს ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2012-2013 წლებშია დაგეგმილი.







