ახალი ამბები

სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება

5 ოქტომბერი, 2011 • 1125
სოზარ სუბარი  ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიესალმება ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, შექმნას საკუთარი პოლიტიკური პარტია.

„მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გულწრფელად გამიხარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს იმდენად დიდი ნდობა და  ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, რომ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში მისი ჩართვა აუცილებლად შეცვლის  ძალთა ბალანსს ქვეყანაში და ეს ცვლილება სააკაშვილის სასარგებლოდ არ იქნება“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღემდე აქტიურად ჩანდა  ძალიან ბევრ სფეროში, ქველმოქმედება იქნებოდა ეს, თუ ბიზნესი. მაგრამ დრომ მოიტანა, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა, პოლიტიკაში სცადოს ბედი, რადგან საქართველოს ხსნის გზა სწორედ პოლიტიკაზე გადის.

„ამდენად, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის მქონე პერსონის  გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია“, -აღნიშნავს სოზარ სობარი.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში ფინანსურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც სოლიდურ ფინანსებს განკარგავს, არ გააჩნია ბიძინა ივანიშვილის მსგავსი  ავტორიტეტი.

„ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია ავტორიტეტი და მის მიმართ არსებული ნდობა, ვიდრე ფინანსები“, – მიიჩნევს სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი