ახალი ამბები

აქცია პროტესტის გარეშე- 7 ოქტომბერს

5 ოქტომბერი, 2011 • 1104
აქცია  პროტესტის გარეშე- 7 ოქტომბერს

7 ოქტომბერს, 4 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრები საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით აქციას გამართავენ. ისინი შეკრებას 4 საათზე ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აპირებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განაცხადა, ეს არ იქნება საპროტესტო აქცია:
“ჩვენ გვინდა ვუთხრათ საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ იმედი გვაქვს, მისი ვიზიტი იქნება ქართველი ხალხის და არა ხელისუფლების მხარდამჭერი” – განაცხადა ნანა კაკაბაძემ. მისი თქმით, აქციის მოწყობა სპონტანური გადაწყვეტილება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, აქციას პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან, თუმცა ნანა კაკაბაძე კონკრეტული პარტიების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაცემასაც აპირებენ: “ჩვენი სურვილია, რომ სარკოზიმ დაინახოს არა მარტო ის კეთილგანწყობა, რაც ქართველ ხალხს გააჩნია მის მიმართ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 2008 წლის ომის დროს, არამედ დაინახოს ის რეალობაც, რაც ამ ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანაში და ამ მიზნით ჩვენ მას მიმართვას გადავცემთ. მიმართვაში საუბარი იქნება მრავალ თემაზე, დაწყებული დაკარგული ტერიტორიებიდან, დამთავრებული სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობით, სიტყვის თავისუფლების წართმევით, პოლიტპატიმრების არსებობით, ბიზნესის და კერძო საკუთრების ხელყოფით.” – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

დღევანდელ ბრიფინგს ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ესწრებოდა: “უფლებადამცველები შეეცდებიან ისაუბრონ დემოკრატიის არარსებობაზე, პოლიტპატიმრების სიმრავლეზე, თავისუფლების ხელყოფაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ეს წარმოჩინდეს სანახაობრივი კუთხით. როგორც ვიცი, ახალგაზრდული მოძრაობები ამზადებენ საჩვენებლად გარკვეულ ვიზუალურ მასალას, რომელიც გამოხატავს ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობას, ბუნებრივია, მხარს ვუჭერ და სოლიდარობას ვუცხადებ აქციას.”– განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, პოლიტიკური ვიზიტი არ უნდა დაემსგავსოს შოუს და ქვეყნის ინტერესებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.“ის, რომ საფრანგეთის მთავრობამ ბევრი პოლიტიკურად დევნილი ადამიანი შეიფარა ადასტურებს იმას, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს მხრიდან პოლიტიკურ დევნას.” – ამბობს ეკა ბესელია.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იმედი აქვთ, რომ მოქალაქეები აუცილებლად გამოთქვამენ სურვილს, შეუერთდნენ მათ.
ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, მოეწყობა თუ არა მსვლელობა ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი