ახალი ამბები

საქართველოს პროფკავშირები საერთაშორისო არენაზე

4 ოქტომბერი, 2011 • • 1052
საქართველოს პროფკავშირები საერთაშორისო არენაზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო პროკავშირელი ლიდერის ნომინაციაზეა წარდგენლი. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ნიდერლანდების სამეფოს პროფესიული კავშირების მიერ დაწესებული „ფებე ელიზაბეტ ველასკასის’’ სახელობის საერთაშორისო პროფკავშირელი ჯილდო, ნობელის პრემიის მსგავსად, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. წლევანდელ 14 ნომინანტთაგან ერთ-ერთი სწორედ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერია. გამარჯვებულს გადაეცემა ჯილდო და ფულადი პრემია.

„14 ნომინანტს შორის გამარჯვება, ალბათ, წარმოუდგენელია, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ამ ნომინაციაზე ვარ წარდგენილი, სასიხარულოა“, – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, – „ეს კიდევ უფრო ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას პროფკავშირული მოძრაობის წინაშე, მით უმეტეს, რომ ჯილდოს მიღების კანდიდატად მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციამ წარმადგინა.“

„ფებე ელიზაბეტ ვალესკესის’’ სახელობის საერთაშორისო პროფკავშირული ჯილდოს გამარჯვებულის გამოვლენა და გადაცემის ცერემონია ჰოლანდიაში, ამსტერდამში, 7 ოქტომბერს გაიმართება.

ირაკლი პეტრიაშვილი უკვე ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც 4–5 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში. შეხვდება შსო–ს აღმასრულებელ დირექტორ გაი რაიდერს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებს.

6 ოქტომებრს ირაკლი პეტრიაშვილი ასევე შეხვდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობასა და GSP პლიუსის საკითხებზე, ასევე – ჰოლანდიის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს წევრებს.

პროფკავშირების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განიხილება საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდობლობა, შრომითი და პროფკავშირული უფლებების დაცვის მდგომარეობა, სოციალური დიალოგის განვითარების ტენდენციები, პროფკავშირების წინაშე არსებული გამოწვევები.

პრესსამსახურისვე ინფორმაციით, „7 ოქტომბერს ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ჰოლანდიის პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ ღირსეული შრომის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულ მძიმე მდგომარეობას, პროფკავშირული მოძრაობის შესახებ საკითხების განხილვას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი