საია ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებზე სასაუბროდ პლატფორმა შექმნას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები და საკითხები, რაც  თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უკეთ დარეგულირებას საჭიროებს.

საია ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება  და  შექმნას პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს შესაძელობა ექნებათ, წარმოადგინონ და განიხილონ  ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დადებით გავლენას მოახდენს სამართლიანი და თაანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნაზე.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

“ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები. ამიტომ საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას.

ამასთან დაკავშირებით, მოცემულ ეტაპზე, აქტუალურია შეფასდეს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და ხელისუფლების საქმიანობა ამ  კუთხით.

მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების არაერთგზისი მოწოდებისა, შექმნილიყო სათანადო სივრცე და შესაძლებლობა საარჩევნო საკითხებზე სამსჯელოდ და ხელისუფლებას არსებითი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც თავის მხრივ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს დაეფუძნებოდა, ხელისუფლებამ არც ამჯერად განახორციელა. ძირეული ცვლილებები, რომლებიც არსებითად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, ამ ეტაპამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, ღიად არის დარჩენილი საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედიარეგულაციების, საარჩევნო დავების კუთხით არსებული მთელი რიგი პრობლემური საკითხები.

ხელისუფლებამ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრების და მაჟორიტარული არჩევნებისათვის ბარიერის გაზრდის გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ფრაგმენტულად, გაუმჭვირვალედ, საზოგადოების დაბალი ჩართულობის პირობებში წარიმართა. განხილვის სტადიაზეა ცვლილებები კიდევ ორი მიმართულებით, რაც სამხედრო ნაწილებში სპეციალური უბნების შექმნის აკრძალვის, ასევე იმ შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, თუ ის  პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს.

გასული პერიოდისგან განსხვავებით, დღემდე არ შექმნილა პლატფორმა, ფორმატი, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხებზე არსებითი მსჯელობა გაიმართებოდა. ფაქტიურად, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა.  გამონაკლისი იყო სპეციალური უბნების რეგულაციების შეცვლის საკითხი, როდესაც უწყებათშორისი კომისიის ფორმატში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. თუმცა, მაგალითად, პოლიტიკურ გაერთიანებებს აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ვინაიდან არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფდა კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად ასახვას, ასევე დიდი იყო ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე. საარჩევნო სისტემა არაერთხელ გამხდარა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმ უპრეცედენტო და ფართო კონსენსუსისა, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითზე 2015 წელს შედგა, რათა არსებული შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლილიყო, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა არ შეცვალა და ეს პროცესი სამომავლოდ გადადო. ამის მიზეზად უმთავრესად დასახელებული იყო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  შენარჩუნდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მოხდა ოლქების საზღვრების გათანაბრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდა 50% -იანი ბარიერი.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ოლქების გათანაბრებით ამომრჩევლის ხმის წონის თანაბრობა იქნა მიღწეული, რაც ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეფორმა ვერ უმკლავდება არსებული საარჩევნო სისტემის გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემებს და კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია. მაგალითად, არ ხდება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში, რაც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, აღიშნული ცვლილებები არ არის საკმარისი ქვეყანაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების ახლებური ფორმირება არ დაეყრდნო ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს. არ არის ახსნილი მეთოდი, თუ რას დაეფუძნა საარჩევნო ოლქების ამგვარი დაყოფა და გაერთიანება, რაც, საბოლოოდ ჯამში, აჩენს კითხვებს საარჩევნო ოლქების ამ სახით ჩამოყალიბების მართებულობის შესახებ. ამასთან, იწვევს საზოგადოების დაინტერესებას, თუ რა გადაწყვეტილება გახდა მიღებული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ყოველ კონკრეტლ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა დაბალი საზოგადოებრივი ჩართულობის პირობებში, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო ოლქების გადასინჯვის საერთაშორისო სტანდარტს. ასევე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ოლქების დაყოფამ და შერწყმამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს და დამატებითი ბარიერები შეუქმნას მოსახლეობას.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას შესაბამისი საარჩევნო ცვლილებები ექსპერტული დასკვნის მისაღებად მხოლოდ მათი კანონში ასახვის შემდეგ გადაუგზავნა. ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ერთობლივი მოსაზრების თანახმად, პოზიტიურად შეფასდა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრება, რომელიც მანამდე არღვევდა ამომრჩევლის ხმის წონას, თუმცა აღინიშნა, რომ ცვლილებები არ მოიცავდა ნათელ მეთოდს ოლქების საზღვრების გადასინჯვისთვის, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ცესკოსთვის, რათა გადაეწყვიტა ოლქის საზღვრების დადგენა მისი კომპეტენციის ფარგლებში. მოსაზრებაში აღნიშნულია პროცესის გაუმჭვირვალობაზე, რაც მუნიციპალური ოლქების დაყოფასა და გაერთიანებას ახლდა.

აღნიშნული ცვლილებების გარდა, კიდევ ორი საკითხი განიხილება, რაც არჩევნებამდე ძალაში შევა. პირველი სამხედრო ნაწილებში სპეციალური უბნების შექმნის აკრძალვას უკავშირდება. მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით, უქმდება სპეციალური უბნების შექმნის შესაძლებლობა სამხედრო ნაწილებში და უფრო დეტალურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურეთა არჩევნებში მონაწილეობის ცალკეული საკითხები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ იცვლება სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებული პრობლემა. სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში, ასევე, მერის/გამგებლის არჩევნებში, მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა. რითაც აღნიშნული კატეგორიის პირთა ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები ისევ რჩება.

და ბოლო ცვლილება, რაც ასევე ამ დღეებში პარლამენტში განიხილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შეზღუდვის მოხსნის საკითხს ეხება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის სტატუსს მოიპოვებს. ვფიქრობთ, რომ  აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დღის წესრიგში აღარ დადგება მთავრობის დათხოვნისა და ახალი მთავრობის ფორმირების საჭიროება არჩევნებამდე დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ამ საკითხის პარალელურად არ განიხილება და დაურეგულირებელი რჩება საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედიარეგულაციების, საარჩევნო დავების კუთხით არსებული პრობლემური საკითხები.  შესაბამისად, უარყოფითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნება აღნიშნულ თემებზე დისკუსიის გახსნის სურვილი და ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნება,”- აცხადებს საია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი