ახალი ამბები

ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

4 ოქტომბერი, 2011 • • 1297
ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

შსს-ს წინააღმდეგ ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით სარჩელი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში ოპოზიციის აქციის დაშლისას სამართალდამცავების მიერ მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანეს. ჟურნალისტების საერთო სარჩელი სულ შვიდი მოსარჩელის მოთხოვნას აერთიანებს, ესენი არიან: ნეტგაზეთის ჟურნალისტები თაზო კუპრეიშვილი და კონსტანტინ სტალინსკი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“, შპს „ცენტრ პლიუსი“ და ინტერენეტ გამოცემა media.ge. ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ განიხილა და დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. მოსარჩელის თხოვნით, სულ ათი მოწმე უნდა დაიკითხოს, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტებმა ნამდვილად დაკარგეს პროფესიული აპარატურა 26 მაისის აქციის დაშლისას, ასევე მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. საქმეს მტკციებულებების სახით თან ახლავს ექიმის ცნობები, სადაც აღწერილია ჟურნალისტების ფიზიკური დაზიანებები 26 მაისის შემდგომ, ასევე ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი ჟურნალისტის, კონსტანტინ სტალინსკისთვის რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები.

მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა არ გაუპროტესტებია მოპასუხე  მხარის – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ნინო წოწონავას, თუმცა, მან შესაგებლის მოსამზადებლად გარკვეული დრო ითხოვა. შემდეგი მოსამზადებელი სხდომა 26 ოქტომბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილი განიხილავს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ნეტგაზეთის ჟურნალისტებმა საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი