ახალი ამბები

სასამართლო ჟურნალისტების შსს-ს მიმართ სარჩელს განიხილავს

4 ოქტომბერი, 2011 • • 1122
სასამართლო  ჟურნალისტების შსს-ს მიმართ  სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო 26 მაისის საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ ქართველი ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომას გამართავს  დღეს, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შვიდმა განმცხადებელმა შეიტანა სარჩელი. ესენი არიან: ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თაზო კუპრეიშვილი, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსი.“

ჟურნალისტები და მედიასაშუალებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ ჯანმრთელობის ზიანის, ასევე ტექნიკის დაკარგვით მიღებული ზარალის ანაზღაურებას, რაც გამოწვეულია 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტეტსო მიტინგის დაშლით შსს-ს მიერ.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლეს შეუძლია გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს, გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი, შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება, ან გააჭიანურებს საქმის განხილვას, ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება და ა.შ

2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას ნეტგაზეთის ჟურნალისტებს თაზო კუპრეიშვილსა და ნესტან ცეცხლაძეს წაართვეს შპს ”გაზეთ ბათუმელების” კუთვნილი ორი ვიდეოკამერა, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს კონსტანტინ სტალინსკიმ და თაზო კუპრეიშვილმა.  რამდენიმე საათით უკანონოდ ჰყავდათ დააპტიმრებული ნეტგაზეთის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო კახიშვილი.

საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანამდე ”ნეტაგზეთის” ჟურნალისტებმა ნესტან ცეცხლაძემ, კონსტანტინ სტალინსკიმ, ნინო კახიშვილმა და თაზო კუპრეიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართეს განცხადებით და მოითხოვეს სისხლის სამართლის აღძვრა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, თუმცა, პროკურატურიდან ამ დრომდე არ მოსულა პასუხი.

აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების გამო შსს-მ სამსახურიდან ოთხი თანამშრომელი გათავისუფლა, ერთი თანამდებობიდან ჩამოაქვეითა, სამს – სასტიკი საყვედური და რვას – საყვედური გამოუცხადა. შსს-ს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ დაისაჯა ძალის გადამეტების გამო, ასევე, კონკრეტულად რა შემთხვევების გამო დაეკისრათ პოლიციელებს სანქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი