ახალი ამბები

გრიგოლია: სასამართლომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა

3 ოქტომბერი, 2011 • 923
გრიგოლია: სასამართლომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა

ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

“ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის” ლიდერები  აცხადებენ, რომ დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო და აპირებენ, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

პარტიის ლიდერებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა მოსახლეობას არ აზარალებს.

სარჩელით, რომელიც არ დაკმაყოფილდა, ქრისტიან-დემოკრატებმა სასამართლოს ზაფხულში მიმართეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესთან დაკავშირებით. ამ წესის მიხედვით, დედაქალაქში მცხოვრებლებისათვის [ერთ აბონენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელს] დაგვა–დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით – 1 კვტსთ  მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით.

ეს გადაწყვეტილება ძალაში 2011 წლის 1 ივლისს შევიდა. ოპოზიციის წევრები თავიდანვე აპროტესტებდნენ გადასახადს და აცხადებდნენ, რომ ტარიფის განსაზაღვრის ახალი წესი უთანასწოროა და კიდევ უფრო გაუძვირებს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს.

თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა კი თვლიდა, რომ ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომლებიც არ მოიხმარენ დიდი ოდენობით ელექტროენერგიას და მათ დასუფთავების გადასახადი გაუიაფდებოდათ.

საკრებულოს 30 სექტემბრის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს წევრმა, “ქრისტიან-დემოკრატმა” ზაზა გაბუნიამ, დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სპეციალური სტატისტიკა წარადგინა, რომლითაც თბილისის დასუფთავების  ტარიფი მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირი ქალაქების ტარიფებს შეადარა. მისი თქმით, თბილისელი მოქალაქის საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, ჩვენი ტარიფი გაცილებით ძვირია, ვიდრე პარიზის, კოპენჰაგენის, ჟენევის და სხვა ევროპული ქალაქების ტარიფები.

გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახვლედიანმა, ინგა გრიგოლიამ, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ სარჩელი შეიტანეს.

“საკრებულომ ჩვენი მოთხოვნა უგულვებელყო, უკან წაეღოთ მიღებული გადაწყვეტილება დენის ტარიფისა და დასუფთავების გადასახადის გაერთიანების შესახებ. ჩვენ გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, თითქოს ეს კანონი არ აზარალებს მოქალაქეებს, რაც არის სრული აბსურდი. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული” აცხადებს ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი ინგა გრიგოლია.

“ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” ლიდერები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რათა ამ გადასახადისგან გაათავისუფლონ თანამოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი