ახალი ამბები

სარკოზის “დამამშვიდებელი” ვიზიტი საქართველოში

3 ოქტომბერი, 2011 •
სარკოზის “დამამშვიდებელი” ვიზიტი საქართველოში

სარკოზის ვიზიტი საქართველოში 2008 წლის 12 აგვისტოს
სარკოზის ვიზიტი საქართველოში 2008 წლის 12 აგვისტოს

საფრანგეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღეში სამხრეთ კავკასიაში იწყებს ოფიციალურ ვიზიტის. 7 ოქტომბერს ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის პროგრამის დეტალებზე ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით,  საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი განიხილება.

“რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარეებს შორის სწორედ ის იყო მედიატორი. ომიდან 3 წლისთავზე ბატონი სარკოზი თავადაა დაინტერესებული საქართველოში ვიზიტით”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე.

„რადგანაც სარკოზი მონაწილეობდა ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებაში, ბუნებრივია, მის ვიზიტს სწორედ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ვუკავშირებთ. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სარკოზის ვიზიტი ამ ხელშეკრულებას  უკავშირდებოდეს. მისი ვიზიტი კავკასიის სამ ქვეყანაში უფრო იმაზეა გათვლილი, რომ საფრანგეთმა თავისი დაინტერესება დააფიქსიროს ჩვენი რეგიონის მიმართ”, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით, რომელზეც გია ნოდია საუბრობს, 2008 წლის აგვისტოში ხუთდღიანი ომი დასრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის. ხელშეკრულება ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის უშუალო მონაწილეობით გაფორმდა მეომარ ქვეყნებს შორის. სარკოზი მოსკოვში ჩავიდა, საიდანაც რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული ექვსპუნქტიანი გეგმა ჩამოიტანა თბილისში საქართველოს პრეზიდენტისთვის შესათავაზებლად, რასაც 2008 წლის 12 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმაც მოაწერა ხელი.

სარკოზის შეხვედრა მედვედევთან საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დროს
სარკოზის შეხვედრა მედვედევთან საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დროს

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების რუსეთის მხრიდან შეუსრულებლობაზე ოფიციალური თბილისი მუდმივად აკეთებს განცხადებებს.

“სარკოზისთვის მტკივნეულია, რომ ის ხელშეკრულება, რომელსაც თავადაც მოაწერა ხელი, არ არის შესრულებული”, – აცხადებს გია ნოდია.

“საქართველოში ვიზიტისას სარკოზი არ გაექცევა ცნობილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების თაობაზე ლაპარაკს და დარწმუნებული ვარ, იტყვის, რომ ეს ხელშეკრულება არ არის შესრულებული.  ამით იგი ერთგვარად დაამშვიდებს ქართულ საზოგადოებას”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

მოახერხებს თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტი ქართული საზოგადოების “დამშვიდებას”, ეს 7 ოქტომბერს გამოჩნდება, როდესაც საზოგადოების ნაწილი ნიკოლა სარკოზისადმი პროტესტის გამოხატვას გეგმავს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, 7 ოქტომბერს, 17:30სთ-ზე, ნიკოლა სარკოზი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას. სარკოზის სიტყვას გაცილებით მეტი აღტყინებით ელოდა ქართული საზოგადოება სამი წლის წინათ, თუმცა მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა.

გია ნოდიას თქმით, საფრანგეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთან ურთიერთობას, თუმცა ისე, რომ რუსეთთან არ გაიუარესოს ურთიერთობა.

“რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით საფრანგეთი მსოფლიოს აჩვენებს, რომ სურს სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. სარკოზის რთული ვითარება აქვს იმ მხრივ, რომ მოსკოვში უწევს პუტინის და მედვედევის საქებარი სიტყვების თქმა,” – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

საფრანგეთის პოლიტიკა მეტწილად რუსეთისადმი კეთილგანწყობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რადგან ამ ქვეყანასთან საფრანგეთს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები (ორივე ქვეყნის სახელმწიფო კომპანიები – „გაზპრომი” და „ტოტალი” ჩართულია ამ ერთობლივ ენერგოპროექტებში) აკავშირებს მჭიდროდ.

თუმცა, ეს ხელს არ უშლის საფრანგეთის პრეზიდენტს რიგ საკითხებში ოფიციალური მოსკოვისგან განსახვავებული პოზიცია დაიკავოს. მაგალითად, კოსოვოს დამოუკიდებლობა, რასაც დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი, 2008 წელს ერთ–ერთმა პირველმა საფრანგეთმა აღიარა.

ნიკოლა სარკოზი ერთ–ერთი პირველია დასავლელ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ღიად ერთვება მსოფლიო ცხელ წერტილებში კონფლიქტის დასარეგულირებლად. ასე მოხდა, მაგალითად, ლიბიის შემთხვევაში, როდესაც ოფიციალური პარიზი მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე მოითხოვდა ნატოს ძალების ჩართვას ლიბიელი პროტესტანტების კადაფის ძალებისგან დასაცავად. საბოლოოდ, ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ ბოლო მოეღო მუამარ კადაფის 42–წლიან მმართველობას ლიბიაში, თუმცა სარკოზის აქტიურობას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კადაფის ერთ–ერთმა შვილმა ნიკოლა სარკოზის “ჯამბაზი” უწოდა და მას იმ თანხის ლიბიელი ხალხისთვის დაბრუნება მოსთხოვა, რომლითაც, სეიფ ალ სილამ კადაფის თქმით, სარკოზის საარჩევნო კამპანია დაფინანსდა 2007 წელს.

ნიკოლა სარკოზი თავის მესამე ცოლთან ერთად
ნიკოლა სარკოზი თავის მესამე ცოლთან ერთად

სკანდალური ამბები ნიკოლა სარკოზის არც საკუთარი ქვეყნის შიგნით აკლია, თუმცა ეს, ძირითადად, მის პირად ცხოვრებას – ქორწინებებსა და განქორწინებებს ეხება. საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში სარკოზიმ მესამედ იქორწინა და მისი ამ დრომდე ბოლო რჩეული ფოტომოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი აღმოჩდა.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს. მის მიერ გატარებულ რეფორმებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მალევე მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი საფრანგეთის მასშტაბით. თუმცა, ამის მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეუცვლია. სამაგიეროდ, კვლევითი ორგანიზაციების ცნობით, ამ ყველაფრის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა ნიკოლა სარკოზის რეიტინგი საფრანგეთში.

ერთ–ერთი ბოლო კვლევა TNS-Sofres- მა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, სარკოზის მოღვაწეობის შედეგებს დადებითად ფრანგების მხოლოდ 17% აფასებს. 2012 წელს საფრანგეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი