ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ექსპერტებს საკუთარი რეკომენდაციებითა და დასკვნებით საქართველოში 26–28 ოქტომბერს ელიან. მათ ჩამოსვლამდე ოპოზიციურ პარტიებს კოდექსის შესახებ შენიშვნები აქვთ.
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ რვიანის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც ხელისუფლებას ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე დათანხმდა. „ნაციონალურ მოძრაობის“ და დოკუმენტზე მომუშავე სხვა პარტიების კონსულტაციების შედეგად შეიქმნა ახალი კოდექსი, რომელიც გამოქვეყნდა და ვენეციის კომისიას გაეგზავნა. „ახალი მემარჯვენეები“ ამბობენ, რომ გამოქვეყნებულ კოდექსში ბევრი ისეთი საკითხიც მოხვდა, რაც ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
”მარკირებისა და ვიდეოთვალის გაუქმება – ამ ეტაპზე ის ორი ძირითადი საკითხია, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად მოხდა. მარკირების და ვიდეოთვალის საარჩევნო უბანზე არსებობა ჩვენთვის პრინციპული საკითხია. თუმცა ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხში არ შევა. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს წინადადებს“, – ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია.
საარჩევნო უბნებზე მარკირების გაუქმებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს „რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე. გასულმა არჩევნებმაც აჩვენა, თუ რა მარტივია მარკირების ხსნარის გაყალბება. თავიდან ამ სქემამ გაამართლა, შემდეგ მარცხი განიცადა.
ვახტანგ ხმალაძე მარკირებასთან შედარებით ვიდეოთვალის გაუქმებას აფასებს უარყოფითად: „ვიდეოთვალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ იმ უბნებში, სადაც ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, გაცილებით ნაკლები დარღვევა დაფიქსირდა, ვიდრე სხვა უბნებში, სადაც არ იყო დამონტაჟებული. კი არ უნდა გააუქმონ, არამედ უნდა გაზარდონ ვიდეოთვალის რიცხვი საარჩევნო უბნებზე“.
ახალი კოდექსის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიების არჩევნებამდე გამოქვეყნების ვალდებულება მოეხსნა. გაიზარდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება. ეს ორი საკითხი საარჩევნო კოდექსის შედგენაში მონაწილე ოპოზიციური პარტიებისთვის (ვიდეოთვალისა და მარკირების გაუქმებასთან ერთად) მოულოდნელი აღმოჩნდა.
ახალ საარჩევნო კოდექსის შექმნის პროცესს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდებოდა. საია–ს წევრი ლელა ტალიური ”ნეტგაზეთთან ” საუბარში ამბობს: „უარყოფითად მიმაჩნია, რომ ახალ კოდექსში საარჩევნო უბანზე მყოფ პირს არ გააჩნია ფოტოსურათის გადაღების უფლება. პოლიტიკურად აქტიური პირების რიცხვი გაიზარდა, რომელთაც შეუძლიათ აგიტაციის წარმოება, არადა, ჩვენ ვითხოვდით, რომ შემცირებულიყო ასეთი ადამიანების რაოდენობა. არ ვეთანხმებოდით იმას, რომ დაწესებულებას, სადაც სახელმწიფოს წილი 50%–ზე ნაკლებია, შეუძლია შემოწირულობა გაუკეთოს პარტიას. გაუქმდა ვიდეოთვალი და მარკირება, თუმცა ძირეული ცვლილებები კოდექსში არ შესულა და ტექნიკურად გაცილებით უკეთ არის სტრუქტურირებული.”
წინა კანონპროექტთან შედარებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ თუ პარტია 5%–ან ბარიერს გადალახავს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად სახელმწიფოსგან ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
ამავე თემაზე: