ახალი ამბები

მაუწყებლობის ლიცენზია “რადიო ცხელმა შოკოლადმა” მიიღო

30 სექტემბერი, 2011 • • 1050
მაუწყებლობის ლიცენზია “რადიო ცხელმა შოკოლადმა” მიიღო

დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, გამოცხადებული კონკურსის შედეგად, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომს“ მიანიჭა. კონკურსში აღნიშნულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობას შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც“ იღებდა.

სხდომაზე მონაწილეები რამდენიმე ასპექტის მიხედვით შეაფასეს: პროგრამირების მრავალფეროვნება, სრული აუდიტორიის, ანუ ყველა სოციალური ჯგუფის მოცულობა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების მსგავსი გადაცემების დეფიციტურობა ქართულ რადიოსივრცეში.

მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს, მხარეებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. ორმხრივი კითხვა–პასუხის შემდეგ კი კომისიის წევრებმა, ღია კენჭისყრის მეშვეობით, ხმათა უმრავლესობით მაუწყებლობის უფლება „მედია ჰაუს დეკომს“ მიანიჭეს. „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ მაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმის ერთ–ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ მათ კონცეფციაში არ იყო შესული საბავშვო გადაცემები, შესაბამისად, ისინი არ მოიცავდნენ დაბალი ასაკის აუდიტორიას. ამის საპასუხოდ, რადიო „ჰერეთის“ დირექტორი, რამაზ სამხარაძე, რადიოსივრცეში მსგავსი გადაცემების სიმრავლეს ასახელებს. ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უსამართლოს უწოდებს.

„ჩემდა გასაკვირად კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს ობიექტური არ იყო. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა საკმაოდ ტენდენციური დასკვნა. ჩვენი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ნეგატიური მხარეები, დეკომის მხრიდან კი, მხოლოდ პოზიტიური. ალბათ, ისეთი ობიექტური მაუწყებლობა, როგორიც აქვს „ჰერეთს“ საქართველოში, არავის არ აწყობს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია სრულიად შეესაბამებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ჩვენი კონკურენტების კონცეფცია კი საერთოდ არ იყო გათვლილი ქართულ საზოგადოებაზე“ – აცხადებს რამაზ სამხარაძე.

„მედია ჰაუს დეკომის“ ერთ–ერთ სუსტ მხარედ კი ის დასახელდა, რომ ისინი მაუწყებლობის დაწყებას მხოლოდ 2012 წლის მარტიდან გეგმავენ, მაშინ, როდესაც „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ეთერში გასვლას ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში აპირებდა.  „მედია ჰაუს დეკომის“ დირექტორის ქეთი ბაბუნაშვილის განცხადებით, მათ გამარჯვება საინტერესო პროგრამირებამ მოუტანა: „ჩვენს კონცეფციაში იყო ძალიან დიდი კონკრეტიკა და ის ადამიანები,  ვინც ჩვენს რადიოში საავტორო გადაცემებს გააკეთებენ, ძალიან საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. გადაკვეთა რადიოსა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ თემებს შორის, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა რადიო ფიზიკურად ვერ იქნება ჟურნალის ანალოგი. რადიო ბევრად მეტ საშუალებას მოგვცემს“ – განაცხადა ქეთი ბაბუნაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს–მდივანი ხატია ყურაშვილი სხდომის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს: „მინდა მივულოცო „მედია ჰაუს დეკომს“ დამსახურებული გამარჯვება. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ორივე კომპანიის კონცეფცია, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებასაც შეეძლო შეეფასებინა ისინი. ვთვლით, რომ ობიექტურად გაიმარჯვა იმან, ვისაც უკეთესი კონცეფცია ჰქონდა“

„მედია ჰაუს დეკომი“  FM98.5 ტალღაზე მაუწყებლობის დაწყებას „რადიო ცხელი შოკოლადის“ სახელით 2012 წლის მარტიდან გეგმავს.

„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი