ახალი ამბები

საქართველო–ევროკავშირის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წლის ბოლოს დაიწყება

30 სექტემბერი, 2011 •
საქართველო–ევროკავშირის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წლის ბოლოს დაიწყება

ცნობილი გახდა იმ დეკლარაციის შინაარსი, რომელიც ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად იქნა მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება საქართველოსა და მოლდოვასთან მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.

პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა დონალდ ტუსკმა, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე შეუძლებელია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის იმედების გამართლება, რომლებიც ვარშავის სამიტისგან „ევროკავშირის წევრობის ნათელ პერსპექტივას ელოდნენ“.

„მე მესმის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი პირობები – არც ევროკავშირის მხრიდან, და არც ამ ქვეყნების მხრიდან – რათა შევძლოთ ამგვარი პერსპექტივის უზრუნველყოფა; მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ამ პირობების შესრულება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ტუსკმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვარშავის სამიტზე მიღებული დეკლარაციის შესაბამისად, აღმოსავლეთის პარტიორობის პროგრამისთვის 2010–13 წლებში 1.900 მილიონი ევროა გათვალისწინებული. წინა სამიტზე, რომელიც 2009 წელს პრაღაში გაიმართა, იგივე მიზნით 600 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი