ახალი ამბები

განათლების ბიუჯეტი ბაღების ხარჯზე მცირდება

29 სექტემბერი, 2011 • 958
განათლების ბიუჯეტი ბაღების ხარჯზე მცირდება

ხვალ საკრებულო თბილისში განათლების პროგრამების ბიუჯეტის შემცირებას უყრის კენჭს. პროექტში წერია, რომ ბიუჯეტი საბავშვო ბაღებში დაფინანსების პრინციპის შეცვლის გამო მცირდება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის მერიის აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოთქვა. თინა ხიდაშელის თქმით, აღნიშნული თანხა მომდევნო თვეების განმავლობაში თბილისელებს გაზრდილი ფინანსური ვალდებულებების სახით დააწვებათ:

“საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება უსამართლო და არაადეკვატურია, თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე”, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი.

“თბილისის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის” თანახმად, ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით იზრდება.

“რესპუბლიკელებმა” ყურადღება გაურკვეველ ხელშეკრულებებზეც გაამახვილეს.

ხელშეკრულებაში, რომელიც ბავშვის ბაღში მიყვანისას მშობელთან ფორმდება, არ არის გაწერილი, რა სახის მომსახურებას მიიღებენ ბაგა–ბაღის აღსაზრდელები, არაფერია ნათქვამი მათ სასწავლო პროგრამაზე, ისევე, როგორც გადასახდელი თანხის რაოდენობაზე. აგრეთვე, მერიასა და შესაბამის სააგენტოს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ მომსახურების ღირებულება.

“ხელშეკრულებაში წერია, რომ ბავშვები მიიღებენ კვებას და ძირითად ინფრასტრუქტურით მომსახურებას, რაც არავინ იცის, რას ნიშნავს. მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რამდენს იხდიან და ამ საფასურის საფუძველზე რა და რა მომსახურებას იღებენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ახალ სისტემაზე გადასვლის ერთ–ერთ დადებით თვისებად ის სახელდებოდა, რომ გაუქმდებოდა ფასიანი ჯგუფები და იგივე მომსახურებას ყველა ბავშვი თანაბრად მიიღებდა, თუმცა ბაღების უმეტესობაში დღეს ცეკვის, სიმღერის, ინგლისურისა და მსგავსი  წრეები მთლიანად გაუქმებულია.

ნინო ცნობილაძემ 5 წლის სოფო #52–ე საჯარო ბაღში, გასული წლის მსგავსად, წელსაც მიიყვანა. შარშან მას მხოლოდ 15 ლარის გადახდა უწევდა, რათა სოფოს დამატებით ქართული ცეკვის წრეზე ევლო, წელს ნინო თვეში 60 ლარს იხდის, ამ თანხაში კი მისი განცხადებით არანაირი მომსახურება არ შედის.

“ძალიან მინდოდა, ბავშვს ცეკვაზე სიარული გაეგრძელებინა, მაგრამ ეს წრე გააუქმეს. გვითხრეს, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში ბავშვებს მეტყველების გაკვეთილები ჩაუტარდებოდათ, თუმცა ჩემს შვილს კარგი მეტყველება აქვს და, როგორც აღმოჩნდა, ლოგოპედი მხოლოდ იმ ბავშვებთან იმუშავებს, ვისაც მსგავსი პრობლემა ექნება”.

გაზრდილ გადასახადთან ერთად სოფოს ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობაც გაიზარდა, ახლა  ის 47 სხვა ბავშვთან ერთად სწავლობს. ქალბატონი ნინოს განცხადებით,  გასულ წელს ჯგუფში დაახლოებით 8 ბავშვით ნაკლები იყო.

სწორედ ამ გაურკვევლობის გამო, ელენე კვანჭილაშვილმა 3 წლის ანასტასიას მიყვანა კერძო ბაღში ამჯობინა. ბაღი კეკელიძის ქუჩაზე მდებარეობს და ყოველთვიური გადასახადი 200 ლარია.

“ამ თანხის ფარგლებში ბავშვები თამაშ–თამაშით სწავლობენ ანა–ბანას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე, ხატავენ, სწავლობენ ციფრებს და ანგარიშს 10–ის ფარგლებში” – ამბობს ელენე.

ყველაზე მეტად კი ბაღში ის მოსწონს, რომ მშობელი სიტუაციაში გარკვეულია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუკი მოინდომა, რომ მისმა შვილმა რაიმე აქტივობაში არ მიიღოს მონაწილეობა, ან სწავლით ზედმეტად არ გადაიტვირთოს, ელენეს თქმით, ეს სურვილი დაუყოვნებლივ სრულდება, “ამიტომ გულწრფელად მჯერა, რომ ხარისხი კერძო ბაღებში უკეთესია, ვიდრე – სახელმწიფოში”.

საჯარო ბაღებში შექმნილი აღნიშნული პრობლემების შესახებ საკითხის დაყენებას “რესპუბლიკელები” ხვალ საკრებულოს სხდომაზე აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი