ახალი ამბები

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

29 სექტემბერი, 2011 • 1544
რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუნდენტებისთვის მათი სასწავლებლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის აკადემიური ცენტრი, საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი ”ინტერფარმი +”; ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი; დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ”იბერია”; ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტიეს ის სასწავლებლებია, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი განცხადების შესაბამისად ავტორიზაცია ვერ გაიარეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ზემოთხსენებულ სასწავლებლებში არსებული სიტუაცია არ შეესაბამებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დადგენილ სტანდარტებს.

ამ სასწავლებლების ყველა სტუდენტი მობილობის პროცესით სხვადასხვა უმაღლესში გადანაწილდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, არც ერთ სტუდენტს სხვა სასწავლებელში მობილობით გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება და მათი უფლებები დაცული იქნება. რაც შეეხება სწავლის საფასურს, მათივე განცხადებით, სტუდენტები იმავე რაოდენობის თანხას გადაიხდიან, რასაც იხდიდნენ ძველ სასწავლებლებში.

კავკასიის აკადემიურ ცენტრში ამბობენ, რომ მათ სტუდენტების წინასწარ გაფრთხილება ვერ მოახერხეს, რადგანაც მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია ჩამოერთვა. სტუდენტების ბედი, მათი თქმით, ბოლომდე გარკვეული არაა და შესაძლოა ყველა ვერ გადავიდეს სხვა სასწავლებელში.

„ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მობილობის პროცესში გარკვეული ბარიერები დააწესა და თუ სტუდენტი ამ ბარიერს თავისი ჯამური ქულებით ვერ გადალახავს, ალბათ, გარეთ დარჩება“ – აცხადებენ კავკასიის აკადემიურ ცენტრში.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი თათია თორაძე ამბობს, რომ გუშინ შეატყობინეს სასწავლებლის გაუქმების შესახებ. „გვითხრეს, რომ მობილობით გადავნაწილდებით სხვადასხვა სასწავლებლებში და პრობლემა არ გვექნება, თუ ჩვენი ქულებით გარკვეულ ბარიერს გადავლახავთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და დროც  ცოტა გვაქვს – დღეს 6 საათამდე უნდა მოვასწროთ მობილობის პროცესისთივს დარეგისტრირება“ .

გაუქმებული სასწავლებლების სტუდენტები  მობილობის პროცესში მონაწილეობის მიზნით  დღეს, 29 სექტემბერს,  უნდა დარეგისტრირდნენ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი