ახალი ამბები

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ

29 სექტემბერი, 2011 • 1227
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ
საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან  დიდ გარღვევას ელის.  მართალია, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა “გარღვევაში”, თუმცა საქართველოს მოლოდინი გულისხმობს მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში  დღეს დაიწყება და ხვალ დასრულდება. ამ სამიტზე უნდა გამოჩნდეს, რა პროგრესი განიცადეს საქართველომ და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ევროინტეგრაციის და ერთმანეთთან დაახლოების გზაზე და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
აღმოსავლეთის პარტნიორობის დეკლარაციას, რომლითაც  ევროკავშირმა უკრაიანას, საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსს ახალი ინსტრუმენტი შესთავაზა ინტეგრაციისთვის, ხელი 2009 წლის მაისში მოეწერა.  მაშინ გადაწყდა, რომ სამიტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა. რეალურად, უფრო მეტი დრო გავიდა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სამიტის გადადებას ორი მიზეზით ხსნის – ერთი, რომ ამ ქვეყნებმა სათანადო პროგრესი ვერ განიცადეს და მეორე – ევროკავშირი გადართული იყო ლიბიის საკითხზე.
ვარშავის სამიტამდე ევროკავშირის ორმა წევრმა ქვეყანამ გააკეთა განცხადებები  საქართველოს მხარდასაჭერად.
პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ ორი ქვეყნის „პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებით“ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, ბრიუსელმა „ძალიან მძლავრი“ გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების მისწრაფებებს.
13 სექტემბერს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლიტვა მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოს და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვარშავის მოახლოებულ სამიტზეც იმსჯელეს.
“ჩვენ არ გვინდა ცარიელი განცხადება; ჩვენ გვსურს ძალიან კონკრეტული დეკლარაცია“ სამიტისგან”, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა.
ამ ორი ქვეყნის ლობირების მიუხედავად, რა ჩაიწერება ვარშავის დეკლარაციაში, ჯერ ცნობილი არ არის. ექსპერტი  ევროკავშირის საკითხებში კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ დეკლარაციის ტექსტი მაინც ზოგადი იქნება და არ მოელის, რომ  ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დაწყების საკითხი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იქნება სამიტის პროგრამაში, რადგან ეს ორმხრივი მოლაპარაკების საკითხია, სამიტზე კი სავარაუდოდ ის საკითხები იქნება განხილული, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ექვსივე ქვეყანას შეეხება. თუმცა სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის და, გოგოლაშვილის აზრით, სწორედ ამ შეხვედრების დროს შეიძლება  დაისვას თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი.
ევროკავშირი მზადაა,  ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას “ღრმა და ყოფლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული.
2008 წელს  ევროკავშირსა და საქართველოს (რომელიც 2000 წლიდან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრია) შორის შესაძლო თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ საგანგებოდ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, მაგრამ საქართველო ჯერ არ არის მზად ასეთი შორს გამიზნული სავაჭრო ლიბერალიზებისთვის.
ამ კვლევის შემდეგ ევროკავშირმა წამოიწყო მოსამზადებელი პროცესი, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდა საქართველოს მოლაპარაკების დასაწყებად აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაში და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.
გაატარა თუ არა საქართველომ საჭირო რეფორმები და რამდენად მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად? ყველაზე აუცილებელი და პრობლემური რეფორმები, რაც საქართველოს უნდა გაეტარებინა 2008 წლის შემდეგ, იყო ანტიმონოპოლური სამსახური და სურსათის უვნებლობა.
ანტიმონოპოლური სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია ბაზარზე მონოპოლიებთან ბრძოლა იყო, 2005 წელს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით გაუქმდა.  გოგოლაშვილი ამბობს, რომ ბენდუქიძის ეკონომიკურ–პოლიტიკურმა კურსმა მნიშვნელოვნად შეაფერხა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების პროცესი, რადგან ეს კურსი შესაბამისობაში არ მოდიოდა ევროკავშირის მოთხოვნებთან. შარშან საქართველომ ანტიმონოპოლური სამსახური აღადგინა, თუმცა ახალი კანონით მას ბაზარზე მხოლოდ მონიტორინგის უფლება აქვს. გოგოლაშვილის აზრით, ამჟამინდელ ანტიმონოპოლურ სამსახურს ადეკვატური დაფინასებაც არა აქვს, თუმცა ევროკავშირთან მოლაპარაკებისას, რაც განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს საკითხი წინ წავიდა და ამჟამად ევროკავშირი კმაყოფილია ამ სფეროებში საქართველოს მიერ შემუშავებული ანტიმონოპოლური და სურსათის უვნებლობაზე შემუშავებული სტრატეგიებით.
საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია ახალი კანონპროექტი ანტიმონოპოლური სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიებზე უნდ განიხილოს.
“თუმცა  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სტრატეგიებია და მათი განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამბობს გოგოლაშვილი.
ანტიმონოპოლური და სურსათის უვნებლობის საკითხების გარდა, ევროკავშირისთვის მნიშვენლოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებების და შრომის კანონმდებლობის საკითხები.  
ამიტომაც ცოტა უცნაურია, როცა საქართველო, რომელიც ერთის მხრივ მიისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, სწორედ სამიტის წინ შლის  ქუთაისში გაფიცულ მუშების აქციას და აკავებს მათ.
ჯერჯერობით, ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვარშავის სამიტზე ხელი მოეწერება დეკლარაციას, რომლის შინაარსის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.
“დეკლარაციის მიზანი პირველ რიგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიმართ ქვეყნების ლოიალურობის დადასტურება იქნება, გამახვილდება ყურადღება მიმართულებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, სტაბილურობის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ასევე კანონმდებლობების რეფორმის და დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებით”, – ამბობს გოგოლაშვილი.
მისი აზრით, შეიძლება დეკლარაციაში პირდაპირ არ აისახოს, მაგრამ გამორიცხული არ არის,  მინიშნებები იყოს გარკვეული ამ ქვეყნებთან თავისუფალი ზონის შექმნასთან დაკავშირებით და შესაძლოა საქართველო და მოლდოვა ახსენონ, როგორც ამ მიზანთან ყველაზე ახლო მდგომი ქვეყნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი