იმ კომპანიების უკან, რომლებსაც თბილისის მერია გარევაჭრობის ჯიხურების დადგამზე უარს პრაქტიკულად არ ეუბნება, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფები და ადამიანები დგანან.
სწორედ თბილისის მერიის მიერ გარევაჭრობის სფეროში პრივილეგირებულ კომპანიებს ეხება კვლევა, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა.
კვლევიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, გარევაჭრობის ჯიხურების დადგმაზე ფატქიურად უარს არ ეუბნება ხუთ კომპანიას, ესენია: შპს „აუთდორ.ჯი“, „ნუგეში“,“საქართველოს ლატარიის კომპანია“, „მაგი სტილი მედია“ და „უაიდ დისტრიბუშენი.“
დედაქალაქის ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაასკვნა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური პრივილეგირებულ კომპანიებს გარევაჭრობის ჯიხურების დადგმის განაცხადზე უარს პრაქტიკულად არ ეუბნება. გარდა ამისა, ნებართვების გაცემისას უარყოფილია კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქში არის აკრძალული ზონები, სადაც ჯიხურების დადგმა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, აკრძალულ ზონებში – ტროტუარებზე, ძველ თბილისში, ასევე მეტროს შესასვლელებთან მრავლადაა განთავსებული ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი კომპანიის ჯიხურები.
ჯიხურების ნებართვების გაცემისას, „ახალგაზრდა იურისტების“ თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტური სამსახური ხშირად გაურკვევლი პრინციპებითა და კრიტერიუმებით სარგებლობდა.
თუ ვინმეს სურს გარევაჭრობის ჯიხურის დადგმა დედაქალაქში, მან არქიტექტურის სამსახურს უნდა მიაწოდოს იმ ადგილის ფოტომონტაჟი, სადაც ჯიხურის დადგმა აქვს გადაწყვეტილი. ფოტომონტაჟით უნდა ჩანდეს, თუ როგორი იქნება მიმდებარე ტერიტორია ჯიხურის ჩადგმის შემდეგ. აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები კი გადაწყვეტილებას წარმოდგენილი ფოტომასალისა და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ 5 დღის ვადაში მიიღებენ. არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეაფასოს, როგორ მოერგება ჩასადგმელი ჯიხური არსებულ არქიტურულ გარემოს.
მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით „ახალგაზრდა იურისტებმა“ გამოარკვიეს, რომ შპს „აუთდორ.ჯისა“ და „უაიდ ტრიბუშენს“ სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებზე ერთი და იგივე ფოტო აქვთ დართული.
იმის ნაცვლად, რომ არქტიტექტურის სამსახურს თითოეული განაცხადი შეესწავლა და დაედგინა მისი გარემოსთან შესაბამისობა, შპს „ნუგეშს“ თბილისში 85 მისამართზე მისცა ჯიხურის დადგმის უფლება. თითოეულ განაცხადს თან დართული ჰქონდა თემქის რაიონში დასადგამი ჯიხურის ერთი ფოტო, შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას არ შეეძლო ერთი ფოტოთი განესაზღვრა დანარჩენი 85 განაცხადის კანონთან შესაბამისობა.
თბილისი არქტიტექტურის სამსახურს 2010 წლის სექტმბერში „უაიდ დისტრიბუშენზე“ გაცემული აქვს 68 ჯიხურის დადგმის ნებართვა, ჯიხურები კი ლოტოს, ლატარიის ბილეთების და პრესის გასავრცელებლად უნდა გამოყენებულიყო. საქართველოში ნებისმიერი ლატარიის ჩატარების უფლება კი ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ ფირმას – „საქართველოს ლატარიის კომპანიას აქვს.
კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა რამდენიმე კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში, საიას იურისტი სულხან სალაძე პასუხობს, რომ ამ კომპანიების უკან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები და ბიზნესჯგუფები დგანან. ვინაიდან, კომპანიების მფლობელებს შორის სახელმწიფო ჩინოვნიკები პირდაპირ არ ფიგურირებენ, საიამ თავი შეიკავა ამ საკითხის სამართლებრივი შეფასებისაგან და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ მხრივ პირდაპირი სამართლებრივი დარღვევა არ იკვეთება.
მიუხედავად ამისა, ზემოთ დასახელებულ „პრივილეგირებული კომპანიების“ მფლობელებსა და ხელისუფლებას შორის მაინც შეიძლება სხვადასხვა კავშირების პოვნა. კერძოდ, კომპანია „აუთდორ.ჯი-ს“ დირექტორი ჯერ კიდევ 2011 წლის გაზაფხულზე იყო დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი, თუმცა, სამეწარმეო რეესტრის უახლესი მონაცემებით, დირექტორია ნიკოლოზ გაბელაია.
კომპანია „მაგი სტილ მედიას“ 35% წილის მფლობელია საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი. ამავე კომპანიის 49%-ს ფლობს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე, რომელიც სარეკლამო ბიზნესშიც აქტიურად არის ჩართული.
რაც შეეხება „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, მის 70%-ს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დარჩენილ 30%-ს ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ლექსორ კაპიტალი.
კომპანია „ნუგეშის“ სავაჭრო ქსელის გახსნისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის ყოველდღიურად გააკონტროლებდა „ნუგეშის“ ქსელში არსებული პროდუქტის ფასებს, რათა ამ ქსელს მომხმარებლისთვის მუდმივად მიეწოდებინა 15-20%-ით იაფო პროდუქტი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა, თბილისის მერმა რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით გააკეთა აღნიშნული განცხადება, თუმცა, მერიიდან გამოგზვანილ ოფიციალურ პასუხში წერია, რომ თბილისის მერიას შპს „ნუგეშთან“ არანაირი ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული დარღვევების გასაჯაროვების შემდეგ თბილისის ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს და არქიტექტურის სამსახურის მიერ დაშვებულ ხარვეზებს გამოასწორებს.