ახალი ამბები

სააკაშვილი: “მე და დიმიტრი შაშკინმა კარგი პროგრამა მოვიფიქრეთ”

27 სექტემბერი, 2011 • 1219
სააკაშვილი: “მე და დიმიტრი შაშკინმა კარგი პროგრამა მოვიფიქრეთ”

დურუჯის ტბის დათვალიერების შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებთან ერთად ყვარელში გადაინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სახლი და ვენახი პირადად დაათვალიერებინა და მათთან ერთად საფერავის ჯიშის ყურძენიც დაკრიფა.

„მოხიბლული ვარ იმით, რის გაკეთებასაც თქვენ აპირებთ, რადგან ჩვენი ქვეყანის აშენება მხოლოდ იდეალისტებს შეუძლიათ. მოწყენილი, ცხვირჩამოშვებული, გულხელდაკრეფილი, ცინიკოსი ხალხი ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებს. მათ მხოლოდ მუშაობის პროცესის შეფერხება, ნერვების მოშლა, ლანძღვა შეუძლიათ (ზოგიერთ პოლიტიკოსს ვგულისხმობ). ქვეყნის აშენება კი იმ ხალხს ძალუძს, ვისაც რაიმე იდეა აქვს და მისი ბოლომდე განხორციელება სურს. მართლაც, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი აგურია ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. ამაზე მნიშვნელოვანი კი მე არაფერი არ გამიკეთებია და ვერც თქვენ გააკეთებთ. რადგან, როგორც ფილმში „გიორგი სააკაძე” გინახავთ ისრების კონის დაშლის შესახებ, ჩვენი მტერი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენ  დანაწევრებული ისრები ვყოფილიყავით.

ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით. საქართველოს ყველა მოქალაქე მშრომელი, სიმპათიური, სხვისი და საკუთარი შრომის დამფასებელია და ამავდროულად სურს, რომ ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყოს. ამისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ქართულ ენაზე გადის. “მე და დიმიტრი შაშკინმა კარგი პროგრამა მოვიფიქრეთ”. ბაკალავრიატის დამთავრება ამ პროგრამაში მონაწილეობა და მაგისტრატურაში სწავლა კარგი კომბინაციაა. მომავალში შეგეძლებათ, თქვენს შვილთაშვილებს მოუყვეთ, როგორი კარგი საქმე გააკეთეთ. პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებსაც მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ხშირად ისე არ ამართლებდნენ, როგორც თქვენ. რადგან, მართალია, თქვენ ნაკლები გამოცდილება გაქვთ, მაგრამ სხვა რამ გაქვთ ისეთი, რაც მათ არ ჰქონდათ – უდიდესი შემართება. პრაქტიკულად, როდესაც თქვენ იმ ოჯახებში ჩადიხართ, ქართული სული ჩაგაქვთ – თქვენ ხალხის და სახელმწიფოს ელჩები ხდებით. თქვენ იმ უცხოელ პედაგოგებს გავხართ, რომლებიც საქართველოში ინგლისური ენის სასწავლებლად ჩამოდიან, თუმცა მათზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ამერიკელს ზოგადი ცოდნა მოაქვს, თქვენ კი სახელმწიფოს აშენებთ, რაც განსხვავებული ცნებებია. დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ თქვენ გითხრათ მადლობა. იშვიათად მინახავს თქვენნაირი დამსახურებული ადამიანები. თქვენ ყველაზე აშკარა დადასტურება ხართ, რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად, შეგვიძლია განვჭვრიტოთ, როგორ უნდა შევქმნათ ძალიან ლამაზი სახელმწიფო არარსებული რამისგან, პრაქტიკულად, ნანგრევებისგან. თქვენი გაკეთებული საქმე მომავალში გამორიცხავს კონფლიქტს, ძალადობას, პრობლემებს. ხალხს გაეხსნება ახალი სუნთქვა და  ჩვენი სახელმწიფოც გაძლიერდება. ყველას გულით სურს, რომ კარგი ქართველი იყოს, მაგრამ საამისოდ ერთი დაბრკოლება ეღობება – ენა. ამას ყველანი ერთად დავძლევთ. თუ ადამიანს კარიერის კეთება, დაწინაურება, ბიზნესის აწყობა ან რაიმეს მიღწევა სურს, ენა უნდა იცოდეს. მინდა, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ამ საქმეში ჩვენს მიღწევებზე ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი