ახალი ამბები

ანტიბოშური გამოსვლები ბულგარეთში

27 სექტემბერი, 2011 • 1134
ანტიბოშური გამოსვლები ბულგარეთში

რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ანტიბოშურმა გამოსვლებმა მთელი ბულგარეთი მოიცვა. საპროტესტო ტალღა სოფელ კატუნიცაში მომხდარმა ამბავმა გამოიწვია, რომლითაც 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი ბოშების ბარონს უკავშირდება.

პლოვდივაში ამ დროისთვის 47 ადამიანია დაკავებული. მათ პოლიციის მანქანებს ქვები ესროლეს. ამ ქალაქში გუშინ გამართულ  საპროტესტო აქციაში დაახლოებით 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ვარნაში 500-მდე ახალგაზრდა ბოშათა კვარტალ მასკუდაში შევიდა. მათ მაღაზიებისა და სახლების ვიტრინები და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. პოლიციასთან შეტაკების შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მოზარდთა ჯგუფი, რომელიც  სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” საშუალებით უწევს კოორდინაციას საკუთარ ქმედებას, პლევენის ბოშათა კვარტლებზე თავდასხმას აპირებს .

”ჩვენ მობილიზებული გვყავს მთელი ქალაქის ძალები, რათა დავბლოკოთ ამ კვარტლებში მიმავალი გზები და არ დავუშვათ ძალადობა”, – ამბობს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სვეტოზარ ულიევი.

ქალაქ პაზარდჟიკის ცენტრალურ მოედანზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილები სკანდირებდნენ პატრიოტულ სლოგანებს და ნაციონალურ დროშებს აფრიალებდნენ. პოლიციას ეს აქცია არ დაუშლია.

ბურგასის ქუჩებში 500 ადამიანი გამოვიდა. ისინი შეეცადნენ დაეკავებინათ შემთხვევით გამვლელი ბოშები, მაგრამ პოლიციამ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.

კატუნიცაში 127 ადამიანი დააკავეს.

ქუჩაში გამოსული ხალხი ანტიბოშურ ლოზუნგებს სკანდირებს  და ნაციონალურ ჰიმნს მღერის.

მსგავსი სცენარით  ვითარდება მოვლენები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. აქ პოლიციამ 27 ადამიანი დააკავა. არეულობა გასულ შაბათ-კვირას დაიწყო. შეტაკებების შედეგად სოფიაში ორი პოლიციელი დაშავდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ბოშები მოსალოდნელი არეულობის გამო თავდაცვის მიზნით ხელკეტებს, ცულებსა და იარაღებს იმარაგებენ.

მასობრივი პროტესტის დაწყების მიზეზად სხვადასხვა ვერსია სახელდება მედიაში. ერთ-ერთი ვერსიით, 19 წლის ახალგაზრდა იმის გამო გარდაიცვალა, რომ მას სოფელ კატუნიცაში ბოშების ბარონთან დაახლოებული პირი დაეჯახა მიკროავტობუსით. მეორე ვერსიით კი, ახალგაზრდა  ბოშა ბარონმა ცემით მოკლა.

19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ სოფელ კატუნიცას მცხოვრებლები ბარონის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას, ოჯახთან ერთად, სოფლის დატოვება მოთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში საფრანგეთიდან არალეგალი ბოშა ემიგრანტები ბულგარეთსა და რუმინეთში გამოასახლეს. ათასამდე ბოშა დეპორტირებულ იქნა. ამასთან მათ, ვინც საკუთარი ნებით დატოვეს საფრანგეთი, მთავრობისგან 300 ევრო მიიღო ზრდასრულ ადამიანზე და 100 ევრო – არასრულწლოვანზე.

საფრანგეთის ხელისუფალთა ქმედება რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. კერძოდ, ევროკომისარმა იუსტიციისა და ევროპელი მოქალაქეების უფლებების საკითხებში, ვივიან რედინგმა, განაცხადა, რომ საფრანგეთმა ბოშების მიმართ ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია. თუმცა, ამას არ მოყოლია დისციპლინრული სასჯელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი