ბათუმის მერი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი დაკავებისა და შემდეგ გათავისუფლების თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება.
რობერტ ჩხაიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამართალდამცავებმა ბათუმის მერიის კუთვნილი შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ალეკო მიქელაძე დააკავეს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველისა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ მიქელაძის შვილია.
მიქელაძესთან ერთად, პოლიციამ 31 აგვისტოს შპს „ნიაკას“ მფლობელი ირაკლი ანანიძეც დააკავა, რომლისგანაც გასული წლის დეკემბერში ბათუმის მერმა საცხოვრებელი ფართი შეიძინა ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე. გარდა ამისა, ანანიძის ფირმას, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა, ბათუმი მერიიდან სულ ცოტა 2 მილიონი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული.
„ბათუმელების“ წყაროს ცნობით, მიქელაძისა და ანანიძის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ქალაქის მერს, რობერტ ჩხაიძეს ხელბორკილ დაადეს და თბილისში გადაიყვანეს.
„გამოძიებას ჩემთან არანაირი შეკითხვა არ ჰქონია. ალეკო მიქელაძე მერიის საქვეუწყებო დაწესებულების, კონკრეტულად, „ბათუმის წყლის“ თანმშრომელია… ველოდებით ამ დღეებში გამოძიებისგან პასუხებს და შემდეგ ვიმოქმედებთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დაკავებას ბათუმის მერიას უკავშირებენ. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან ცუდ ჭორებს ავრცელებენ და ის პირებიც, რომლებიც, წესით, ობიექტურ ინფორმაციებს უნდა ავრცელებდნენ, იგივეს აკეთებენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რობერტ ჩხაიძემ.
იგი არ ამბობს, თუ კონკრეტულად რა საკითხზე ედავება გამოძიება მიქელაძესა და ანანიძეს.
მიქელაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წაყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.