ახალი ამბები

ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავებულ აქციის მონაწილეს სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა

8 აპრილი, 2016 • 1470
ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავებულ აქციის მონაწილეს სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დღეს, 8 აპრილს, გამართულ აქციის მონაწილეს, თამარ იარაჯულს თბილისის საქალაქო სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ იარაჯული საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დამრღვევად გამოაცხადა, თუმცა გაითვალისწინა მისი მდგომარეობა და დასაშვებად მიიჩნია პროტესტის გამოხატვის მსგავსი ფორმა.

საპატრულო პოლიციის მტკიცებით, იარაჯული გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისას, რამდენჯერმე გაფრთხილების შემდეგ დააკავეს. თუმცა დაკავებული პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. აქციის ორგანიზატორებს გზის გადაკეტვის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის წერილობით არ უცნობებიათ.

“მიხარია, რომ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მე მაინც მოვუწოდებ შსს-ს, დაინტერესდეს ამ ფაქტით. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ძალადობს,” – განაცხადა თამარ იარაჯულმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

პოლიციის წარმომადგენლები კი სასამართლოს წინაშე მსგავს ბრალდებებს უარყოფდნენ და აცხადებნენ, რომ დაკავებული მათ არ დაეთანხმა მოთხოვნას, დაეტოვებინა გზის სავალი ნაწილი.

დაკავებულის ადვოკატის, ირმა არხამიას თქმით კი, დაკავების ოქმში არ იყო განმარტებული, რაში გამოიხატებოდა იარაჯულის დაუმორჩულებლობა.

სააგენტოსთან გამართულ აქციაზე მონაწილეებმა ბაგა-ბაღებში დირექტორთა ცვლილებები გააპროტესტეს. ისინი ასევე მოითხოვნენ, სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ დატოვოს თანამდებობა.

თამარ იარაჯული თბილისის #6 ბაღში ახალი დირექტორის დანიშვნის ფაქტს ეწინააღმეგებოდა. მისი მცირეწლოვანი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი განსაკუთრებულ აღმზრდელობით პროგრამებს საჭიროებს. იარაჯულის თქმით კი, ბაღის ახალი დირექტორი მის შვილს დეფექტიანს უწოდებს. თანამდებობიდან გათავისუფლებული თამარ ბაქრაძისაგან განსხვავებით, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ინკლუზიური განათლების შესაბამისი პროგრამის მომზადებაში, მას შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია.

“ასეთმა ადამიანმა, რომელმაც სწორი ტერმინოლოგიაც კი არ იცის, შეუძლებელია ინკლუზიური განათლების საჭიროებაზე იფიქროს, ან პროექტის განხორციელებას შეუწყოს ხელი,” – აცხადებს თამარ იარაჯული.

თამარ იარაჯული არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლების საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენელია. მის შვილზე ბაღში განხორციელებული ძალადობის შესახებ დაახლოებით 2 წლის წინ განაცხადა, თუმცა, როგორც ამბობს, საქმე დღემდე არ გამოძიებულა. #6 ბაღში ბავშვის გადაყვანის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და ბავშვს შესაბამის ყურადღებას აქცევდნენ.

“სწორედ ამიტომ გამოვედი ქუჩაში და მივმართე პროტესტის ასეთ ფორმას, რადგან ეს არის ჩემთვის დღეს ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ვინმეს ჩემი ხმა გავაგებინო. როგორც ჩანს, ოფიციალური წერილები საქმეს არ შველის. არ მინდა არაპროფესიონალი ადამიანი, რომელსაც 1-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც კი არ აქვს ბავშვებთან, საბაშვო ბაღს ხელმძღვანელობდეს,” – ამბობს იარაჯული.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 30-მდე დირექტორია გათავისუფლებული, 100-მდე მოადგილე და 50-მდე თანამშრომელი. აქედან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ბაგა-ბაღებიდან 18 დირექტორი და თანამშრომელი გაათავისუფლეს. ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მონიტორინგის დასკვნას და დაწესებულებებში არსებულ დარღვევებს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი