ახალი ამბები

მაესტროს გადამღები ჯგუფი პოლიციამ დააკავა

25 სექტემბერი, 2011 • • 1007
მაესტროს გადამღები ჯგუფი პოლიციამ დააკავა

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მაესტროს გადამღებ ჯგუფთან ერთად ყვარელში იმ დროს დააკავეს, როცა პრეზიდენტის ყვარლის რეზიდენციაში შევიდნენ გადაცემისთვის “აკრედიტაციის გარეშე.” ამის შესახებ ინფორმაცია შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით გაავრცელა.

როგორც რამიშვილი ამბობს, მაესტროს გადამღებ ჯგუფთან ერთად(სულ ოთხი ადამიანი) ყვარელში იღებდა პრეზიდენტის ახლადშეძენილ სახლსა და ვენახს. გადაღებისას მათთან მივიდნენ სამხარეო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, ოპერატორებს გადასაღები ტექნიკა წაართვეს, ავტომობილებში ძალით ჩასვეს და რეზიდენციის ეზოდან გაიყვანეს. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცავებმა ისინი დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ სააკაშვილის სახლიდან ორ კილომეტრში ჩამოსვეს, მეთვალყურედ ერთი ადამიანი მიუჩინეს, ტექნიკა კი წაიღეს. “მაესტროს” გადამღებ ჯგუფს აპარატურის ნაწილი რამდენიმე საათში დაუბრუნეს, თუმცა, გადაღებული მასალის გარეშე. ინციდენტის დროს რამიშვილთან ერთად იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც გადამღებ ჯგუფს ყვარელში მეგზურობას უწევდა.

შალვა რამიშვილი პოლიციისგან გადაღებული მასალისა და წართმეული მიკროფონის დაბრუნებას ითხოვს. შსს-ს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება. ჩვენ შევეცადეთ უწყების პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღესვე ჰაკერებმა შეუტიეს ტელეკომპანია “მაესტროს” ვებგვერდს, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის ინცინდენტს ყვარელში.

“მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ “ნეტგაზეთს” განუცახდა, რომ ტელეკომპანიის ვებგვერდის გათიშვის მიზეზი გახდა იმ ამერიკული სერვერის გათიშვა, რომლის მომსახურებითაც სარგებლობს ტელეარხი. მისივე თქმით, ჰაკერებმა შეუტიეს აღნიშნულ ამერიკულ სერვერს და არა კონკრეტულად ტელეკომპანიის ვებგვერდს, შესაბამისად, მას არ შეუძლია თქმა, რომ კიბერშეტევა იყო  “მაესტროს” წინააღმდეგ მიმართული. ჰაკერების თავდასხმის შედეგად ყველა ვებგევრდი გაითიშა, რომელიც ამ სერვერზე იყო განთავსებული. როგორც თამარ რუხაძე ამბობს, სპეციალისტებმა უკვე მოახერხეს სერვერის აღდგენა, თუმცა, მაესტროს ვებგვერდიდან გარკვეული მასალა დაკარგულია. მასალების ატვირთვის შემდეგ maestro.ge ხვალიდან ჩაირთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი