ახალი ამბები

საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში

22 სექტემბერი, 2011 • • 1272
საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დასაშვებობაზე დღეს, 22 სექტემბერს, იმსჯელებს. ქართული სარჩელი ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ სავარაუდო დარღვევებს.

ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 11 აგვისტოს, შეიტანა. ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ეს საქართველოს მიერ შეტანალი მეორე განაცხადია. პირველი სარჩელი 2007 წლის მარტში შევდა და რუსეთიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაციის დროს მათი უფლებების დარღვევას ეხებოდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ”საქართველოს მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა კონვენციის ფართომასშტაბიანი და სისტემატური დარღვევის მტკიცებულებები, უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ან მხარდაჭერით, ან ჩადენილი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე.”

განაცხადი შეეხება სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევებს, წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის გამოყენებას, ასევე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, საკუთრების უფლების, განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების სავარაუდო დარღვევებს.

ევროსასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ პერიოდულად ხდებოდა მიმდინარე დარღვევებზე  ინფორმაციის მიწოდება. სრული განაცხადი თანდართული მასალების წარდგენილ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს. 2010 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ დამატებითი კომენტარები წარადგინა განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვას გუშინ, 21 სექტემბერს, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა. მან ხელისისულფებას აღნიშნული საქმის მოგება უსურვა, თუმცა, იქვე გააკრიტიკა იმის გამო, რომ საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.

ხიდაშელის თქმით, საქართველოს მოქალაქეები მოკლებული არიან შესაძლებლობას, პროგნოზები გააკეთონ აღნიშნულ საქმის ირგვლივ, ვინაიდან აგვისტოს ომის შემდეგ ”სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, როცა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოების საქმეები და ინფორმაცია გაასაიდუმლა.”  თინა ხდიაშელისვვე აზრით, ამით შეიქმნა პარადოქსული ვითარება – საქმის მასალები სასამართლოში წარდგენის შემდეგ ცნობილი ხდება მეორე მხარისათვის, თუმცა ხელმიუწვდომელია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი