ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ–ს არაბული ქვეყნებისთვის “საქართველოს გამოცდილებას” თავაზობს

21 სექტემბერი, 2011 • 1560
სააკაშვილი აშშ–ს არაბული ქვეყნებისთვის “საქართველოს გამოცდილებას” თავაზობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 66–ე სესიის ფარგლებში, დღეიდან აშშ–ში დებატები დაიწყო თემაზე – “მედიაციის როლი დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში”. დებატებში, სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს. თუმცა მანამდე ის მოხსენებით კონკორდიას სამიტზე წარსდგა, რომელიც გუშინ ნიუ იორკში გაიმართა.

არაკომერციული ორგანიზაცია “კონკორდია სამიტი” (“The Concordia Summit”) 2011 წლის თებერვალში მეთიუ სვიფტმა და ნიკოლას ლოგოთეტისმა დააფუძნეს, რომლებიც წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ რუპერტ მერდოკის მედიაკომპანია “ნიუს კორპორეიშენში”, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” მხარდამჭერია აშშ–ში.

სწორედ “რესპუბლიკელები” გახლდნენ გუშინ “კონკორდია სამიტის” მთავარი მომხსენებლები, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. მათ შორის იყვნენ: აშშ–ს ყოფილი “რესპუბლიკელი” პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, მისი პრეზიდენტობის დროს აშშ–ს ელჩი ერაყში ჯონ ნეგროპონტე, ბუშის ყოფილი თანაშემწე და მაშინდელი პირველი ლედის – ლორა ბუშის კადრების ხელმძღვანელი ანიტა მაკბრიჯი, ბუშის ადმინისტრაციაში სამამულო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ფრენსის ტოუნსენდი, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი “რესპუბლიკური პარტიიდან” თომას კინი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ–ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შესახებ ეროვნულ კომისიას და სხვები.

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის გარდა, ნიუ იორკში გამართულ სამიტში სხვა ქვეყნების ყოფილი პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბე, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე ფრაიბერგა. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელმაც “კონკორდია სამიტში” მიიღო მონაწილეობა და სიტყვითაც გამოვიდა.

სააკაშვილის სიტყვის მთავარი არსი გახლდათ ის, თუ როგორ შეუძლია რევოლუციებს გარდაქმნას ქვეყნები.

“მსურს, საქართველოს რევოლუციური გარდაქმნების გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება არაბულ ქვეყნებში რევოლუციური ტალღის შესახებ… ჩვენ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს – ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს, რომელიც რევოლუციურ ტალღას მოყვება. ეს უმთავრესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ამჟამად ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ქართული გამოცდილება, როგორც “ყველასთვის იმედისმომცემი”, შესაძლებელია გაზიარებული იქნას არაბულ ქვეყნებში.

საქართველოს გამოცდილების, როგორც “ტრანსფორმაციის ყველაზე ახალი და წარმატებული მაგალითის”, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში “ექსპორტის” საკითხი – ეს ის თემაა, რაზეც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა აქტიურად მუშაობს აშშ–ს პოლიტიკურ წრეებთან.

საქართველოს ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში, რომ ტრანსფორმაცია, რაც საქართველომ აჩვენა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, ერთ–ერთი მთავარი საფუძველია იმისა, თუ რატომაც გააგრძელებს აშშ საქართველოს მხარდაჭერას.

თუმცა რამდენად მოიპოვებს ოფიციალური თბილისი თუნდაც ამ კუთხით ოფიციალური ვაშინგტონის ღია მხარდაჭერას, ეს ჯერ უცნობია. მიხეილ საკაშვილი და მისი გუნდი ამ დრომდე ისევ თეთრი სახლის ყოფილი ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერით სარგებლობენ.

ამდენად, შემთხვევითი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სიტყვის არცთუ მცირე ნაწილი დაეთმო აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსისადმი ხოტბის შესხმას:

“ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, ჩემს კარგ მეგობარს.

ისტორიულ პრიზმაში ახლა უფრო მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მან სიმამაცითა და სიმტკიცით უპასუხა შემზარავ შეტევებს, რომელმაც მიზანში ამოიღო ნიუ იორკი, ვაშინგტონი და ამას გარდა, ცხოვრების წესი, თავისუფლება და დემოკრატია.

რთული პერიოდები შესანიშნავ და თამამ ლიდერებს მოითხოვს და,  დარწმუნებული ვარ, აქ ყველა აღიარებს, რომ ის სწორედ ასეთი ლიდერი იყო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აშშ–ში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში აშშ–ს კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს – ბილ კლინტონს შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის თაობაზე, ექნება თუ არა რაიმე ოფიციალური შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რომელიმე მაღალჩინოსანთან.

ამავე თემაზე:

საქართველო და აშშ–ს ინტერესები

სააკაშვილის ამერიკული ოცნება

მასალების გადაბეჭდვის წესი