ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილს აცნობა

8 აპრილი, 2016 • 1422
უსუფაშვილის თქმით, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილს აცნობა

გადაცემა “ინტერVIEW -ს” წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონსულტაცია ივანიშვილთან რესპუბლიკური პარტის გადაწყვეტილებაზე, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში,  პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილმა  განაცხადა, რომ მან ივანიშვილს ეს ინფორმაცია მიაწოდა:

“მე მას შევატყობინე ამ გადაწყვეტილების თაობაზე, კი. ჩვენ, ყველაფერთან ერთად, უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და უნდა ვიყოთ მართალი ერთმანეთთან. 2011 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა მიგვიწვია თავის კოალიციაში და სტრატეგიული პარტნიორობა შემოგვთავაზა. მას შემდეგ, როდესაც ბევრი მიზეზის გამო პარტიამ გადაწყვიტა ამ არჩევნებზე ცალკე მონაწილეობა, მე, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მქონდა საფუძვლიანი საუბარი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, საჭიროდ ჩავთვალე, დამერეკა ბიძინა ივანიშვილთან და მეთქვა, დიახ, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, ასე ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ჩვენი შემდგომი არჩევანი,”- ამბობს უსუფაშვილი.

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც  2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი გახდა,  2016 წლის 31 მარტს განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არჩევნებამდე დარჩებიან კოალიციის შემადგენლობაში და თანამდებობას არც რესპუბლიკელი მინისტრები დატოვებდნენ. არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს პარტია ქართული ოცნებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი