ახალი ამბები

პასუხები საჯარო დაწესებულებებიდან

20 სექტემბერი, 2011 • 1104
პასუხები საჯარო დაწესებულებებიდან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, პარლამენტი, მთავრობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ადგილობრივი ერთეულები და სასამართლო–ყველა ამ საჯარო დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე 2011 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად www.opendata.ge–ს 641 პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.

პასუხგაუცემელი კითხვების რიცხვი საჯარო დაწესებულებში გაგზავნილი კითხვების 23 %–ზე მეტს შეადგენს.

საჯარო ინფორმაციაზე სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი www.opendata.ge–მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმისგან მიიღო.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთ–ერთი ტენდენცია–აბსოლუტური იგნორირება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გამოიკვეთა.

არასრულყოფილად საჯარო ინფორმაცია www.opendata.ge–ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ და თბილისის საკრებულომ მიაწოდეს.

საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, სასჯელასღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ და ოლიმპიური რეზერვებისმზადების ეროვნულმა ცენრტმა გასცეს.

2011 წლის აპრილ–აგვისტოს განმავლობაში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა– www.opendata.ge–მ 154 საჯარო დასეწებულებაში სულ 2740 მოთხოვნა გააგზავნა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2011 წლის აპრილიდან პროექტს „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა– www.opendata.ge ფონდის „ღია საზოგადოება–საქართველოს“ დაფინანსებით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის პარალელურად ინტიტუტი „საქართველოს საჯარო დასეწებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგზეც“ მუშაობს. ამისთვის ის საჯარო დაწესებულებათა ოფიციალური ვებ–გვერდების აუდიტს ატარებს. ამ ეტაპზე ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელ.მმართველობის ხარისხის დადგენის მიზნით ინსიტუტის მიერ სულ 39 ასეთი ვებ–გვერდია შესწავლილი.

ინფორმაციული გამჭვირვალობით პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდი www.tsu.edu.ge იმყოფება. ელექტორნული ხელმისაწვდომობის რეიტინგში პირველ ადგილს კი –გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ–გვერდი www.naec.ge .

სამინისტროებს შორის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს.

საბოლოო ჯამში, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ–გვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებლები 20 %–ს არ აღემატება.

ამავე თემაზე: საქართველოს ჩამორჩენილი “ელექტრონული მთავრობა”

მასალების გადაბეჭდვის წესი