ახალი ამბები

ქუთაისში რამდენიმე მეწარმე დააკავეს

19 სექტემბერი, 2011 • • 1295
ქუთაისში რამდენიმე მეწარმე დააკავეს

ქუთაისში რამდენიმე დღის წინ 38 მსხვილი და მცირე მეწარმე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება ”ახალი გაზეთი ავრცელებს.” დაკავებულებს შორისა არიან კომპანია ”იმერის” დირექტორის მოადგილე  კომერციულ დარგში ზაზა გვენეტაძე და პურის ქარხანა ”ელვას” დირექტორი თემურ ტონია.

”იმერის” დირექტორმა გოგი ჩიხლაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, თავისი მოადგილე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო დააკავეს. მისი თქმით, საქმე ეხება ”ძალიან ცოტა ფულს.”  ”დაახლოებით 2 ათასი ლარის საბუთებთანაა დაკავშირებული, მეტი არაფერი არ ვიცი,” – უთხრა ნეტგაზეთს გოგი ჩიხლაძემ. მისივე მტკიცებით, საწარმოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საამრთალდამცავები არ შესულან და საწარმო ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. პოლიციას არც თავად გოგი ჩიხლაძე დაუკითხავს.

საქართველოს ფინასთა სამინისტროს საგამჴძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში ”ახალ გაზეთს” განუცხადეს, რომ მეწარმეები საგამოძიებო დეპარტამენტის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა აიყვანეს, რადგან ”დიდი საქმეების” გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედის. მათი ინფორმაციით, ყველა დაკავშებული თბილისშია გადაყვანილი.

საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურში ”ახალ გაზეთს” ინფორმაციის გარკვევას და მოგვიანებით გადაცემას დაპირდნენ, თუმცა, დაპირება არ შეუსრულებიათ. აღნიშნულ პრესსამსახურს დღეს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ისინი ინფორმაციას ტელეფონით არ იძლევიან.

”ტელეფონით როდის იყო ვიძლეოდით ინფორმაციას რატომ დააკავეს? გააკეთეთ წერილობითი მოთხოვნა და თუ ეს ინფორმაცია საჯარო იქნება, მოგაწვდით,” – განგვიცხადეს საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ნეტგაზეთი უახლოეს მომავალში შეეცდება გაარკვიოს, კონკრეტულად რა დანაშაულის გამო დააკავეს ათეულობით მეწარმე ქუთაისში და რას ედავებიან მათ სამართალდამცავი უწყებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი