ახალი ამბები

ყოფილ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

19 სექტემბერი, 2011 • • 1011
ყოფილ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ასმათ ხანგოშვილი საკლასო ოთახში
ასმათ ხანგოშვილი საკლასო ოთახში

ყოფილი ჟურნალისტის, ასმათ ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 ოქტომბერს დაიწყება. ხანგოშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის წინასწარი პატიმრობა სასაამრთლომ დაკავების დღესვე, 17 სექტემბერს შეუფარდა.

ასმათ ხანგოშვილი, რომელიც წლების მანძილზე ჟურნალისტად მუშაობდა, დაკავებამდე პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. ის ჩეჩნეთში წლების წინ დაღუპული ჟურნალისტის, როდი სკოტის სახელობის ფონდის თანამშრომელი იყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ასმათ ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა პარასკევს, 16 სექტემბერს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. ადვოკატის მეშვეობით ხანგოშვილმა ახლობლებს შეატყობინა, რომ არც ის და არც რომელიმე მოწმე არ დაუკითხავთ და, მეტიც, თბილისში გადაყვანისას ავტომანქანაში სამართალდამცავები მსჯელობდნენ, თუ რომელი სახის ნარკოტიკი „ჩაეწერათ“– აბების სახის, თუ ფხვნილის. ხანგოშვილი ახმეტაში დუისიდან, საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული.

ხანგოშვილის მხარდასაჭერი აქცია 18 სექტემბერს გაიმართა პანკისისი ხეობაში, სადაც აქციის მონაწილეებმა ქართველ სამართალდამცავებს უნდობლობა გამოუცხადეს და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხანგოშვილის ახლობლები დაკავების მიზეზად შურისძიებასაც განიხილავენ. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ პანკისში ერთი ქალი მოკლეს. მკვლელობას შორენას ძმას მუსლიმ ხანგოშვილს აბრალებდნენ, რომელიც მაშინ პანკისში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთან შოთა ჭიჭიაშვილთან მეგობრობდა. ჭიჭიაშვილი და ხანგოშვილების ოჯახი ერთმანეთის ნათესავები არიან. მუსლიმ ხანგოშვილზე ძებნა სწორედ ჭიჭიაშვილის დაკავების შემდეგ გამოცხადდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად სოდ-ის თანამშრომლის მეუღლეა. დაკავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შურისძიების მიზნით შორენას დაკავება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. „ჩვენთან შური, შესაძლოა, 20-30 წლის შემდეგაც იძიონ, არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის მაცხოვრებლებმა.

ყოფილი ჟურნალისტის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-სგან შეეცადა დამატებითი ინფრომაციის მიღებას, თუმცა, ამ ეტაპზე პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ხანგოშვილის მხარდასაჭერი აქცია პანკისში დღესაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი