ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული მუშები, რომლებიც სამართალდამცავებმა გუშინ ღამით დააკავეს, ხელწერილების დადების შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

თავად გათავისუფლებული მუშები, რომელთა შორის ოთხი მოშიმშილეც იყო, ჟურნალისტებთან აქციის დაშლისა და ხელწერილების დადების დეტალების შესახებ საუბარზე უარს ამბობენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, “ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან”.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ქუთაისის პოლიციამ გაფიცული მეტალურგების აქცია გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე დაშალა და 40–მდე ადამიანი დააკავა. პროფკავშირების პრესსამსახურის, მაკა ჯაიანის თქმით, ისინი აქციის დაშლისთანავე დაუკავშირდნენ აშშ–სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, ასევე, აშშ–ს პროფკავშირების გაერთიანებასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის აღმასრულებელი დირექტორი გუშინ, გვიან ღამით ესაუბრა ქუთაისში მომხდარის თაობაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს.

მაკა ჯაიანის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ დაკავებულები ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს 16 სექტემბერს, 03:00 საათზე.

გაგრძელდება თუ არა ქუთაისში მეტალურგების საპროტესტო აქცია გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში ამ წუთებში მსჯელობენ.

ქუთაისის მეტალურიგიული ქარხანა “ჰერკულესის” მუშები 13 სექტემბერს გაიფიცნენ. ოთხმა მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცული მუშები ქარხანაში არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ქარხნიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ.

გაფიცულ მუშებს სამართალდამცავებთან პრობლემები აქციის პირველსავე დღეს შეექმნათ, როდესაც პოლიციამ მათ მოშიმშილეებისთვის განკუთვნილი კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *