ახალი ამბები

გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა

6 აპრილი, 2016 • 2865
გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა

გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა –  ამის შესახებ ნეტგაზეთს  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, უკვე დიდი ხანია, გიორგი კვერენჩხილაძე აკადემიურ სფეროში მუშაობს და შეთანხმდნენ, რომ მუშაობას კვლავ ამ სფეროში გააგრძელებს.

პრესსამსახურის განმარტებით. ამჟამად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას კვერენჩხილაძის მოადგილე, ზურაბ მაჭარაძე შეასრულებს.

გიორგი კვერენჩხილაძე 2014 წლის 6 იანვარს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ, იმავე წლის 19 ივნისს კი – საპარლამენტო მდივნად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონცემებით ასევე ირკვევა, რომ კვერენჩხილაძე 1996 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიჰყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე (საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი, საკონსტიტუციო სამართლის გაღრმავება, ქართული კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში).

გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საკონსტიტუციო სამართლისა და საკონსტიტუციო იუსტიციის საკითხებზე. არის 50-ზე მეტი საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი