ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში, 9 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ, თუმცა მისი გარდაცვალების გარემოებები გაბრიაძის ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია. ოჯახთან ჯერ არც გამომძიებლები მისულან და მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათთვის არც მაღაროს მფლობელ კომპანიას მიუწოდებია.
35 წლის თემურ გაბრიაძე მინდელის სახელობის მაღაროში 9 სექტემბერს, 10:30 საათზე, მაღაროში მომხდარი გეგმიური აფეთქების შედეგად დაიღუპა. ბოლო ორი წლის მანძილზე აღნიშნულ ობიექტზე აფეთქების შედეგად დაღუპული ეს უკვე მეათე ადამიანია. 2010 წელს ამ მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2011 წელს კი – ერთი, იყვნენ დაშავებულები. 2011 წლის იანვარში მომხდარი აფეთქებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, რის შემდეგაც 2 მუშა უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დააპატიმრეს.
ოჯახი მომხდარის შესახებ
თემურ გაბრიაძის ოჯახს სამტრედიაში 13 სექტემბერს ვესტუმრეთ. მას ცოლი და 4 წლის შვილი დარჩა. გაბრიაძის ცოლმა მადონა ხელაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ არ იცის, კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება და თემურის დაღუპვა. მისი თქმით, მაღაროს მფლობელმა კომპანიის წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ ძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათაც არ იციან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
”ერთადერთი ის ვიცი, რომ აფეთქებისას თემურის მეტი არავინ დაშავებულა, მისი სხეული კი საშინლად არის დამახინჯებული. იგი ამბობდა, რომ ცვლაში მუდმივად 6-9 კაცთან ერთად მუშაობდა. გავიგეთ, რომ აფეთქებისას მის გვერდით ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადარჩა, თუმცა, მისი ვინაობა ვერ დავადგინეთ, გვიმალავენ. მე მაინც მოვძებნი იმ ადამიანს და მისგან გავიგებ, რა მოხდა, რა თქმა უნდა, თუ არ გააჩუმეს,” – ამბობს მადონა ხელაძე.
თემურ გაბრიაძე მინდელის სახელობის მაღაროში ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ცოლის თქმით, 2011 წლის ზამთარში მომხდარი აფეთქების შემდეგ, გაზაფხულზე მაღაროელებს გამოცდები ჩააბარებინეს და ვინც ვერ ჩააბარა, სამსახურიდან გაუშვეს, თემურმა კი გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მაღაროში მუშაობაც გააგრძელა.
”მინდელის მაღაროს” მფლობელმა კომპანიამ, ”საქნახშირმა” გაბრიაძის დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. გარდაცვლილის ცოლმა ჯერჯერობით არ იცის, ეკუთვნის თუ არა მას რაიმე სახის კომპენსაცია და მიიღებს თუ არა საერთოდ.
მადონა ხელაძე ამბობს, რომ მაღაროს თანამშრომლები სადაზღვევო კომპანია ”ჯი პი აი ჰოლდინგში” რამდენიმე თვის წინ, მაისში დააზღვიეს.
”მაღაროში მუშაობის ეშინოდა, რადგან ძალიან ღრმად ჩადიოდნენ სამუშაოდ. სულ მამშვიდებდა, რომ უსაფრთხოების საკითხებს აწესრიგებენო, თუმცა, იქ რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, რადგან მიცვალებულები სულ დამნაშავეებად გამოჰყავთ, რადგან ისინი ვერ იტყვიან, რა მოხდა. ჯერჯერობით მიცვალებული მყავს მისახედი, ექსპერტიზის პასუხიც არ მიმიღია. დაკრძალვის შემდეგ კი ყველაფერს დეტალურად გამოვიკვლევ,” – უთხრა გარდაცვლილის ცოლმა ნეტგაზეთს.
”ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა ”მინდელის მაღაროს”ერთ-ერთ თანამშრომელს, გიორგი ბაბუხადიას. თემურ გაბრიაძე სწორედ მის უბანზე მუშაობდა, თუმცა დროის სხვა მონაკვეთში.
”მაღაროში გეგმიური აფეთქება სანამ მოხდება, იქმნება პასპორტები, სადაც გაწერილია ყველაფერი, თუ რა როგორ უნდა მოხდეს. ამ წესის მიხედვით, ასაფეთქებელი ტერიტორიიდან მოშორებით იქმნება პოსტი, სადაც დგება ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ასაფეთქებელ ტერიტორიას, რათა იქ არავინ შევიდეს. გარდაცვალებამდე თემურ გაბრიაძე სწორედ ამ პოსტზე გაუშვეს. მაღაროში არის მოწყობილობა, რომელიც გამოსცემს აფეთქების მსგავს ხმას. ახლა მუშაობენ ერთ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გაბრიაძემ გაიგო ამ მოწყობილობის ხმა და ეგონა, რომ აფეთქება უკვე მოხდა და იქ თავისი საქმის გასაკეთებლად გაემართა. როცა ის მიუახლოვდა ტერიტორიას, ამ დროს მოხდა აფეთქება და თემურიც დაიღუპა, სხვა არავინ არ დაშავებულა,” – უთხრა გიორგი ბაბუხადიამ “ნეტგაზეთს”.
პროფკავშირის ვერსია
9 სექტემბერს ტყიბულის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას ფლობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე, თუმცა, ზუსტი დეტალების გაგებამდე მან მომხდარის შეფასებისგან თავი შეიკავა.
დოლაბერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, ძირითადად, არის ორი ვერსია.
”როცა გეგმიურ აფეთქებას აწარმოებენ (ავარიული აფეთქება 9 სექტემბერს არ მომხდარა), აფეთქებამდე ვინმეს აგზავნიან ასაფეთქებელი ობიექტიდან მოშორებით მანძილზე, რომ გააკონტროლოს, არავინ მიუახლოვდეს ასაფეთქებელ ტერიტორიას. მეშახტე, რომელიც აფეთქების შემდეგ გარდაცვლილი ნახეს, არ უნდა ყოფილიყო იმ ადგილზე, სადაც ის იპოვეს,”- ამბობს თამაზ დოლაბერიძე.
მისი თქმით, პროფკავშირის წარმომადგენლებმა აფეთქებისა და ადამიანების გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლის მაისში საქართველოში ჩამოიყვანეს უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც შეამოწმებინეს ტყიბულის მაღაროები. შემოწმების შემდეგ ადმინისტრაციას პროფკავშირმა დაუსვა საკითხი, რომ რასაც ისინი პრევენციული ღონისძიებებისთვის აკეთებდნენ, არ იყო საკმარისი. თამაზ დოლაბერიძის თქმით, ადმინისტრაციამ ბოლო დროს შეცვალა ვაგონები, ლიანდაგები, ელმავალი, ელ. გაყვანილობა.
”თუმცა, როგორც სჩანს, ეს საკამრისი არ არის, რადგან იქ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ახლა ვცდილობთ, რომ ჩვენი, პროფკავშირის წარმომადგენელი მოხვდეს იმ კომისიაში, რომელმაც ეს აფეთქება უნდა გამოიძიოს. აღნიშნულ კომისიას თავად მაღაროს მფლობელი კომპანია ქმნის წესების შესაბამისად. გარდა ამისა, აფეთქებას იძიებენ სამართალდამცავები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი ობიექტურად იყოს გამოძიებული, რადგან ხანდახან ცდუნებას ვერ უძლებენ ხოლმე და მსგავსი შემთხვევებისას შეცდომას გარდაცვლილს აბარალებენ,” – ამბობს თამაზ დოლაბერიძე. მისი აზრით, თემურ გაბრიაძე რა მიზეზითაც არ უნდა დაღუპულიყო მაღაროში, ადმინისტრაციის პასუხინგებლობის წილი საქმეში მაინც არის, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი მუშების პროფესიონალიზმსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
მაღაროს ხელმძღვანელობის ვერსია
მინდელის სახელობის მაღაროს ხელმძღვანელმა ავთანდილ ბოჭორიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გაბრიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 9 სექტემბერს მაღაროში მყოფი 16 ადამიანი დაკითხა და შესაბამის დასკვნასაც მალევე გამოაქვეყნებს. ბოჭორიშვილმა ნეტგაზეთს აღნიშნული მოკვლევის წინასწარი შედეგები გააცნო.
”როცა ობიექტი ასაფეთქებლად გაამზადეს, ამფეთქებელმა გაბრიაძეს მოაწერინა ხელი დოკუმენტზე და ავიდა საგუშაგოზე, თან კი გაიყოლა რემონტის ორი მუშა და დადგნენ უსაფრთხო ადგილზე. გაიგონეს ჭერის ხმა და მათ იფიქრეს, რომ სანგრები აფეთქდა, ამ დროს გაბრიაძე მივიდა ახლოს, რა დროსაც უკვე ამფეთქბელმა ააფეთქა და გაბრიაძეც დაიღუპა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ბოჭორიშვილმა. მისი მტკიცებით, თემურ გაბრიაძე მარტო მიუახლოვდა ტერიტორიას და თანმხლები ორი მუშა არ გაჰყოლია, შესაბამისად, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.
”უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, დაინახავდა, რომ ნახშირის ნატეხები არ იყო გადმოყრილი, მავთულიც არ იყო დაზიანებული, თუმცა, როგორც ჩანს, დაუფიქრებლად, სიჩქარეში შევიდა. კომისია შეიქმნა, ხალხი დაიკითხა და დასკვნაც დაიდება მალე. საქმეში ჩართულია პოლიციაც და ისინიც იძიებენ ყველაფერს,” -ამბობს მინდელის სახელობის მაღაროს ხელმძღვანელი.
კითხვაზე, გამოცდილმა მუშამ, რომელსაც უსაფრთხოების გამოცდები რამდენიმე თვის წინ წარმატებით ჰქონდა ჩაბარებული, რატომ ვერ გაითვალისწინა აღნიშნული დეტალები, ავთანდილ ბოჭორიშვილი პასუხობს:
”მე რომ გავიკითხე, ჰქონია ბანკის სესხი, იქით ვალი, ბინა კიდევ ბანკში ჩადებული. ალბათ, კაცი გაბოროტებული, ჩაფიქრებული იყო და შევარდა ისე,” – გვიპასუხა მაღაროს დირექტორმა.
მისი თქმით, გარდაცვლილის დაკრძალვის, ორმოცის, წლისთავის, ასევე, საფლავის გაკეთების ხარჯებს წარმოება და თანამშრომლები დაფარავენ. როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, ოჯახს სხვა კომპენსაცია არ ეკუთვნის.




