ახალი ამბები

მაესტროს დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

5 აპრილი, 2016 • 1729
მაესტროს დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

მაესტროს პარტნიორთა კრებამ მხარი დაუჭირა ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნის თაობაზე. ინფორმაცია ნეტგაზეთს მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხატია ქვათაძემ დაუდასტურა.

ხატია ქვათაძის ცნობით, გაჩეჩილაძის მხარემ ასათიანს რამდენიმე კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ასათიანის მხარე ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას დათანხმდა. როგორც ტეეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, ნაყაურის დირექტორად დანიშვნას მხოლოდ მამუკა ღლონტი და ეკა აკობია ეწინააღმდეგებოდნენ.

ღლონტისა და აკობიას განცხადება ტელოკომპანია მაესტროს ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე რადიო მაესტროზე გამოქვეყნდა. მათი განცხადებით, მიმდინარე პროცესი მედიის საქმიანობაში ჩარევა, მისი კონტროლის სრულიად არაკანონიერ და წინასაარჩევნოდ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია:

“ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას. ჩვენს ამგვარ პოზიციას საფუძვლად უდევს არა პიროვნული, თუ პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არამედ არასამართლიანი გარემო, რომლის ფონზეც ვითარდება მოვლენები და ამ გარემოს მთავარი აქტორები – მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები, ვისი უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა, თუმცა გაგვაჩნია მთავარი- უდიდესი მოთმინება და უსამართლობასთან ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი!”

ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა IPN-ს განუცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ტელეკომპანია მაესტროს ფინანსური ნაკადების პრობლემის მოგვარება იქნება. ნაყეური ამბობს, რომ თანამშრომლებს დღეს უკვე ჩაერიცხათ ხელფასები. ახალი დირექტორი, პირველ რიგში, მაესტროს თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს.

ზურაბ ნაყეური საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 7 აპრილიდან შეუდგება. ნაყეური IPN-თან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული გენერალური დირექტორის მოადგილეების საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი