ახალი ამბები

ნავთობნარევი წყალი ონკანიდან[Video]

5 სექტემბერი, 2011 • 1254
ნავთობნარევი წყალი ონკანიდან[Video]

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ონკანიდან ნავთობნარევი წყალი წამოვიდა. ამ დასახლებაში მსგავსი შემთხვევა უკვე მეოთხედ ხდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ  წვიმის შემდეგ დასახლებას წყლის მიწოდება უწყდება, რა დროსაც წყლის მილებში ნავთობპროდუქტების შედინება ხდება, რაც შემდგომ სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზი ხდება. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ დაბინძურებულმა წყალმა მათ სხვადასხვა სახის ზარალი მიაყენა და  ტექნიკასთან ერთად პროდუქტიც გაუფუჭდათ. ისინი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან.

– “ქუვეითში ვცხოვრობთ თუ საქართველოში, ვეღარ ვხდები. მილებიდან წყლის ნაცვლად ნავთობი მოდის. ამბობენ, საშიში არააო, მაგრამ ვერ ვბედავ, რომ ბავშვებს დავალევინო. ვერც სარეცხ მანქანას ვრთავთ. სუნი აქვს წყალს და წვიმის შემდეგ სულ დაბინძურებულია ნავთობით. – „ამბობს ბარცხანის დასახლების მცხოვრები ანზორ ქამადაძე.

ბარცხანის მცხოვრები ლალი დავითაძე  ამბობს, რომ წყალს ნავთობი წვიმის შემდეგ მოყვება. „წვიმის შემდეგ წყლის მოწოდება წყდება. მერე კიდევ ნავთობი მოყვება. ასე ამბობენ წყალკანალის მუშები, რომ ცარიელ მილებში ნავთობპროდუქტები ჩაედინება და მაგიტომ ბინძურდება წყალიო. ვერც დასალევად ვიყენებთ და ვერც სარეცხად“.

“ბათუმის წყალის” დირექტორი ჯანსუღ ვარშალომიძე დღეს ბათუმის მერს და KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბარი ბარცხანის დასახლების პრობლემებსაც შეეხო. ჯანსუღ ვარშალომიძის განცხადებით, ამ დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა 2012 წლისათვის იგეგმებოდა. თუმცა ამ ბოლო ხანს სასმელ წყალში ნავთობპროდუქტების მოხვედრის გახშირებულმა შემთხვევებმა პროცესები დააჩქარა და ბარცხანის დასახლებაში მილების შეცვლა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ამ ტერიტორიაზე არის ბევრი ნავთობგამავალი მილი, რომელთა შორისაც მოქცეულია წყლის მილი. ეს პრობლემა ახალი არ არის. უკვე 10 წელზე მეტია, რაც მსგავსი პრობლემებია.   ჩვენ მერიასთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ სამუშაოები დაიწყოს. პირველ რიგში ჩამოვიყვანთ მანქანას, რომელიც დაათვალიერებს მილის შიგნით არსებულ დაზიანებებს. ვიდეოთვალის დახმარებით მოხდება შიგა დათვალიერება და, შესაბამისად, პრობლემური ადგილების შეკეთება“ – აცხადებს ბათუმის წყლის დირექტორი ჯანსუღ ვარშალომიძე.

ბარცხანის დასახლებაში მოქალაქეები მომავალ წვიმიან ამინდში ონკანებიდან კვლავ ნავთობნარევი წყლის წამოსვლას ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი