ტვიტერით არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და მოსახლეობაში მასობრივი პანიკის გამოწვევის გამო უახლოეს მომავალში მექსიკის ორ მოქალაქეს ტრორიზმის მუხლით გაასამართლებენ. ფაქტს მექსიკაში უკვე უწოდეს „ტერორიზმი ტვიტერით.“
მექსიკის შტატ ვერაკრუზის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ორმა მექსიკელმა ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვერაკრუზში შეიარაღებული პირები რამდენიმე სკოლას თავს დაესხნენ და ბავშვები გაიტაცეს. აღნიშნულმა ინფორმაციამ ქალაქში მასობრივი პანიკა და საცობი გამოიწვია. საკუთარი შვილების საშველად სკოლებისკნ გაქცეულ მშობელთა ნაწილს სისწრაფის გამო ავტოავარიები შეემთხვათ, ინფორმაციის გავრცელების მომენტში კი მკვეთრად გაიზარდა სამაშველო და სამედიცინო სამსახურების გამოძახებათა რაოდენობა.
ორი ეჭვიმიტანილი უკვე დააკავეს. ერთი მათგანი კერძო სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა, მეორე კი რადიოწამყვანი. მათ 30–წლიანი პატიმრობა ტვიტერზე გამოქვეყნებული ამ ფრაზის გამო ელოდებათ: „ჩემმა რძალმა დამირეკა განერვიულებულმა, სკოლიდან ხუთი ბავშვი გაუტაციათ.“
ეჭვიმატენილები ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ ინტერნეტში ნანახი ინფორმაცია გაავრცელეს და რაიმე წინასწარგანზრახული მიზანი არ ჰქონიათ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „ტვიტერით“ არასწორი ინფორმაციის გამო ადამიანებს, შესაძლოა, მსგავსი სიმძიმის სასჯელი დაეკისროთ.
ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც არავინ არ დასჯილა. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი 1938 წელს 30 ოქტომბერს მოხდა. ამერიკელმა რადიოწამყვანმა ორსონ უელსმა „კოლუმბიის რადიომაუწყებლობის“ რადიოქსელის ეთერში რადიოსპექტაკლი „სამყაროთა ომები“ შესავლის გარეშე, ახალი ამბების სტილში წაიკითხა. სპექტაკლი დედამიწაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის შესახებ იყო. მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაიჯერა, რომ აშშ–ს თავს უცხოპლანეტელები დაესხნენ, იყო პანკა და ქაოსი. ამ ფაქტის გამო რადიოწამყავნი ორსონ უელსი არავის დაუსჯია.
სანქცია არავის დაუკისრებია ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობისა და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანიის ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გაუშვეს. ყალბი სინფორმაციო გამოშვებაში „იმედის“ ჟურნალისტები მონაწილეობდნენ და გადაცემას მიმდინარეობისას არ ახლდა რაიმე მინიშნება, რომელიც მაყურებელს აუხსნიდა, რომ ტელეეთერში მიმდინარე გადაცემა რეალური არ იყო. „მოდელირებული ქრონიკა“ კი იტყობინებოდა, რომ რუსეთი საქართველოში რამდენიმე საათის წინ შემოიჭრა, იბომბება თბილისი, პრეზიდენტი ბუნკერში იმალება, ქართული საჯარისო ნაწილების ზოგიერთი შემადენლობა კი რუსეთის მხარეზე გადავიდა. მიუხედავად გადაცემაში გამოყენებული ომის ძველი კადრებისა, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ომი მართლაც დაიწყო. რამდენიმე წუთის მანძილზე საერთო პანიკამ და ქაოსმა სატელეფონო კავშირის პარალიზება გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო გაძლიერა მოსაზრება ომის დაწყების შესახებ. ჩაიშალა სპექტაკლები მარჯანიშვილისა და რუსეთაველის თეატრებში(რუსთაველში მოგვიანებით განახლდა), წარმოიქმნა საცობები ბენზინგასამართ სადგურებზე, მედიასაშუალებების ნაწილი კი სამედიცინო დახმარების გამოძახებების ზრდასა და გარდაცვლილებზეც საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა, ოფციალურად, არავინ დაუსჯიათ. „მოდელირებულ ქრონიკაზე“ მომუშავე ჟურნალისტბის დიდი ნაწილი ახლაც „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ.
ტელეკომპანია “იმედის” მოდელირებული ქრონიკა ჟურნალ “ტაიმის” ჟურნალისტების ინსპირაციის წყაროც გახდა. “ტაიმმა” მოდელირებული ქრონიკის ეთერში გასვლის შემდეგ შექმნა “შოკისმომგვრელ სიცრუეთა ტოპ–ათეული.” ათეულს სათავეში “მოდელირებული ქრონიკა” უდგას.
სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო აქტიური განხილვა, მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელების გამო უნდა ისჯებოდნენ თუ არა ადამიანები და რა ზომის უნდა იყოს ეს სასჯელი?
