ახალი ამბები

რა ინვესტიციებს იზიდავს საქართველო სამხრეთ აფრიკიდან

2 სექტემბერი, 2011 • 1110
რა ინვესტიციებს იზიდავს საქართველო სამხრეთ აფრიკიდან

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია  სამხრეთაფრიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება; ვიზიტის ფარგლებში პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ სამხრეთაფრიკულ ბიზნეს-ჯგუფებთან. ოფიციალური შეხვედრების დროს,  სამხრეთაფრიკელი ბიზნესწრეების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება სოფლის მეურნეობის, საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში.

პაპუნა დავითაია  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული აგრარული კავშირის (კავშირი აერთიანებს ბურ ფერმერებს) მიერ ორგანიზებულ კონგრესსაც დაესწრო, რომელსაც 400-მდე ფერმერი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ, მათ შორის – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

კონგრესზე სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ქართულ დელეგაციას საშუალება მიეცა, ესაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, საინვესტიციო გარემოზე.

2010 წლის 18 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაიწყო, საქართველოს 100-მდე ფერმერი სტუმრობდა, მათგან 15-მა დაარეგისტრირა საქართველოში ბიზნესი, რამოდენიმე ფერმერმა კი უფრო მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად კონსორციუმი შექმნა.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო კარს უხსნის უცხოურ ინვესტიციებს, მათ შორის სამხრეთ აფრიკულ ინვესტიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი