ახალი ამბები

“ბათუმის წყლის” ტექნიკური დირექტორი დააკავეს

1 სექტემბერი, 2011 • 1442
“ბათუმის წყლის” ტექნიკური დირექტორი დააკავეს

შპს “ბათუმის წყლის” ტექნიკური დირექტორი ალეკო მიქელაძე დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია, ასევე, შპს ”ნიაკა”-ს მფლობელი ირაკლი ანანიძეც, რომელიც რამდენიმე წლის წინ მერიის შესყიდვების სამსახურში მუშაობდა.

შპს ”ნიაკა”, ძირითადად, სამშენებლო საქმიანობას ეწევა და რამდენიმე სახელმწიფო დაკვეთაც აქვს ბათუმის მერიისგან მიღებული.

ალეკო მიქელაძე ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ამ ინფორმაციას ალეკო მიქელაძის მამა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ მიქელაძე ”ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მუხლით აქვს ალეკო მიქელაძეს ბრალი წაყენებული: ”ჯერ არ ვიცი, რას ედავებიან”, – ამბობს ზურაბ მიქელაძე.

მიქელაძის დაკავების ამბავს შპს ”ბათუმის წყალში” არ ახმაურებენ. დირექტორის, ჯანი ვარშალომიძის მისაღებში აცხადებენ, რომ ალეკო მიქელაძე და ჯანი ვარშალომიძე უცხოეთში მივლინებაში იმყოფებიან, თუმცა სად, არ დაუკონკრეტებიათ: ”არ ვიცი, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, როდის დაბრუნდებიან”.

შპს ”ბათუმის წყალი” ბათუმის მერიის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუზნებული კომპანიაა, თუმცა დაკავებული მიქელაძის შესახებ კომენტარს ბათუმის მერიაში არ აკეთებენ.

”ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეეცადა დეტალების გარკვევას, თუმცა უწყების პრეს-სამსახურთან დაკავშირება ამ დრომდე შეუძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი