ახალი ამბები

2 მილიარდიანი ოფშორული კვალი, რომელიც პუტინთან მიდის

4 აპრილი, 2016 • 2568
2 მილიარდიანი ოფშორული კვალი, რომელიც პუტინთან მიდის

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა 2 მილიარდს ფლობს, რომელიც ოფშორულ ზონაში წარმოებული გარიგებებისა და სესხების საერთო ღირებულებაა. გამოძიების მტკიცებით, თანხა რუსეთს პრეზიდენტს ეკუთვნის იმის მიუხედავად, რომ მისი სახელი ოფიციალურ მიმოწერასა და დოკუმენტებში არ ფიქსირდება. არსებობს ეჭვი, რომ მასთან დაახლოებული პირები თანხას მისი პატრონაჟის გარეშე ვერ დააგროვებდნენ.

ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები სერგეი როლდუგინისაც ეკუთვნის, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარია. როდულგინი, რომელიც მუსიკოსია, 100 მლნ. დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას ფლობს, მათ შორის სარეკლამო კომპანიებს; არის რუსული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “კამაზის” მეწილე. “რუსეთის ბანკის” 3% ასევე მისია. სწორედ ამ ბანკის დახმარებით ხორციელდება ფარული გადარიცხვები და მას პუტინის პირად ბანკად მოიხსენიებენ.

ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული ფაილები ნაწილია იმ “გაჟონილი” საინფორმაციო ბაზიდან, რომელიც ოფშორულ ზონაში მოქმედ იურიდიულ ფირმა “მოსაკ ფონსეკას” ეკუთვნის. ის მსოფლიოში რიგით მეოთხე იურიდიული ფირმაა. ისინი მდიდარ ადამიანებს ეხმარებიან, ოფშორული ზონების გამოყენებით გადასახადებს თავი აარიდონ.

ოფშორული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული სახეა.

ოფშორული ზონა ცალკეულ სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკისგან იზოლირებული საფინანსო ინსტიტუტია, სადაც შეღავათიანი რეჟიმი განისაზღვრება სავალუტო შეზღუდვის უქონლობით, მოგებათა თავისუფალი გატანით, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონით, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით, საგადასახადო დანაკარგების შემცირების შესაძლებლობით, ფირმის მფლობელთა სრული ანონიმურობითა და კონფიდენციალობით. თუმცა, მხოლოდ ზოგიერთ ოფშორულ ზონაში მოქმედებს ნარკობიზნესთან, ტრეფიკინგთან და იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საეჭვო ოპერაციებზე ინფორმაციის მოთხოვნის აუცილებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი