ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

31 აგვისტო, 2011 • 1034
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სამინისტროს პრეს-სამსახურს “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მოითხოვა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს”, – ნათქვამია სამიინსტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, უმცროსი სერჟანტი ბერიძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში  ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. რეზო ბერიძე პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბერიძე  საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2002  წლიდან მსახურობდა, ის  ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

ინფორმაცია ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე “ნეტგაზეთმა” დღეს გაავრცელა. გარდაცვლილი ჯარისკაცი, 35 წლის რეზო ბერიძე საქართველოში 27 აგვისტოს ჩამოასვენეს. მისი ახლობლების თქმით, ბერიძეს სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული..

ამავე თემაზე:

რატომ მალავს სამინისტრო ავღანეთში ჯარისკაცის დაღუპვას

მასალების გადაბეჭდვის წესი