ახალი ამბები

აჭარაში მთავრობა განახლდა

31 აგვისტო, 2011 • 1395
აჭარაში მთავრობა განახლდა

მას შემდეგ, რაც ქობულეთის გამგეობიდან თანამშრომლები მასობრივად დაითხოვეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსმა დღეს რაიონის ახალი გამგებელი წარადგინა.

ქობულეთის გამგებლად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გელა ცხომელიძე დაინიშნა, მის მოადგილედ კი – აჭარის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რევაზ  ხარაზი.

ქობულეთის გამგეობიდან 78 თანამშრომელი დაახლოებით ერთი თვის წინ დაითხოვეს. თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება მას შემდეგ განხორციელდა, რაც რაიონში სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის) მიმდინარეობა აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული ორგანოების დეპარტამენტის თანმშრომლებმა შეამოწმეს. მანამდე კი, 20 ივნისს, რაიონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი  გურამ ვერულიძე, რომელიც ქობულეთის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრიც იყო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ვერულიძე ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისგან რეგულარულად იღებდა ქრთამს.

ქობულეთში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნასთან ზემოთ აღნიშნული ფაქტების კავშირს გამორიცხავს აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსი ომარ მეგრელიძე და საკადრო ცვლილების მოტივს შემდეგნაირად ხსნის:

“მოტივი ის არის, რომ თანამდებობის პირებს არ შეექმნათ მოლოდინი, რომ ამ თანამდებობაზე მუდმივად დარჩენის საშუალება ექნებათ”.

დღესვე აჭარაში სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა: აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ოლეგ ბოლქვაძე დაინიშნა, ხოლო სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი მოდებაძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ფირან კალანდაძე დაინიშნა, რომელიც აქმადე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტსა და ღუდუშაურის  ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თემურ გაბაიძე გახდა.

ამ დროისთვის ვაკანტურია აჭარის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა, მეგრელიძის თქმით, ამ პოსტზე საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ ფუტკარაძის კანდიდიატურა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი