ახალი ამბები

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები კლაიპედაში

31 აგვისტო, 2011 • • 1050
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები კლაიპედაში

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ლიტვის ქალაქ კლაიპედას პოლიციამ კალათბურთის ნაკრებების ქართველი და რუსი გულშემატკივრების შესაძლო შეტაკებების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ინფორმაციას ამის შესახებ Trend News Agency ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოლიციის მიერ კლაიპედაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ქალაქში დიდი რაოდენობით ქართველი და რუსი გულშემატკივრების ჩასვლამ გამოიწვია.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მხარდასაჭერად ლიტვაში გუშინ, 30 აგვისტოს, 500 ადამიანი სამი ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ლიტვაში დაგეგმილ ღონისძიებებსა და გულშემატკივართა მოგზაურობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, საქართველოს კალათბურთის ნაკრებს კლაიპედაში 2 ათასამდე ქართველი უგულშემატკივრებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრები სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ითამაშებს. შესაძლოა, საქართველო–რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწროს.

კალათბურთელთა საგულშემატკივროდ სამი ჩარტერული რეისით თბილისიდან დელეგაცია ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გაემგზავრა. გულშემატკივრებს შორის არიან: ხელოვანები, ანსამბლები და ოფიციალური პირები, მათ შორის თბილისის მერი გიგი უგულავა.

ქალაქ კლაიპედაში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.

31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების– „სუხიშვილებისა“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ჩატარდება. კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ქალაქ კლაიპედას ერთ–ერთ  ქუჩას რამდენიმე დღით საქართველოს სახელი დაერქმევა და სწორედ ამ ქუჩაზე „ზუმბალენდის“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართება. კულტურული პროგრამა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნმებასაც მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი